ახალი ამბები

დანა არა, „ბაზუკა“ ამოვიღე – ირაკლი ლატარია ტელეეთერში ჩხუბზე

14 აპრილი, 2022 • 6691
დანა არა, „ბაზუკა“ ამოვიღე – ირაკლი ლატარია ტელეეთერში ჩხუბზე

„დანა არა, „ბაზუკა“ ამოვიღე“, – ასე პასუხობს ირაკლი ლატარია „ნეტგაზეთის“ კითხვას, საღამოს ტელეეთერში ოპონენტთან დაპირისპირებისას ამოიღო თუ არა დანა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრი, ირაკლი ლატარია, ბოლო წლებში საჯარო სივრცეში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ექსპერტად პოზიციონირდება.

14 აპრილს, ტელევიზია „ჯორჯიან ტაიმსის“ ეთერში იგი კამათობდა ლაშა დიაროვთან, რომელიც წარსულში ხელმძღვანელობდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას.

დიაროვი და ლატარია ერთმანეთს პირდაპირ ეთერში უკრაინის ომის გამო დაუპირისპირდნენ. დიაროვმა ლატარიას უთხრა: „თქვენ ხართ ფარულად მტრის მხარეს“. ამის შემდეგ ლატარიამ შეიგინა:

„მე და შენში რუსეთის მხრის დედას შე***ი“ [სტილი დაცულია].

ამის შემდეგ დიაროვი წამოდგა, ლატარიას „ნაბო**რი“ უწოდა, ჭიქა ესროლა და მასზე ფიზიკურად გაიწია.

კადრებში ჩანს, რომ 3-4 წამში, – როდესაც ეთერის სხვა მონაწილეები დიაროვისა და ლატარიას დამშვიდებას ცდილობენ და ერთმანეთს განარიდებენ, – ლატარია ჯიბიდან იღებს ნივთს, სავარაუდოდ, დანას, ხსნის და შემდეგ ისევ კეცავს.

„ნეტგაზეთი“ ირაკლი ლატარიას დაუკავშირდა, რათა დაეზუსტებინა, თან ჰქონდა თუ არა ცივი იარაღი ტელესტუდიაში და ამოიღო თუ არა ეს ნივთი ჩხუბისას.

თავდაპირველ კითხვაზე, იყო თუ არა ნივთი, რომელიც ჯიბიდან ამოიღო, დანა, ლატარიამ ასე უპასუხა:

„არ მიმიქცევია ყურადღება. შეიძლება, მძვრებოდა რამე, ქამარზე მქონდა მიმაგრებული და ის მძვრებოდა. არ ვიცი, არ მიმიქცევია ყურადღება, არ მახსოვს“.

„ნეტგაზეთის“ დამაზუსტებელ კითხვაზე, „კადრებში ისე ჩანს, რომ იღებთ, შლით და შემდეგ ისევ კეცავთ… [ამიტომ დავაზუსტებ] დღეს საღამოს ეთერში ყოფნისას გქონდათ თუ არა თან დანა და ამოიღეთ თუ არა ეს ნივთი“, გვიპასუხა:

„მეცინება… კაი, თან მარტო არა ვარ და შეხვედრაზე ვარ… დანა არა, ბაზუკა ამოვიღე, მეგობარო, და „კალაშნიკოვი“. კაი, კაი“, – შემდეგ კი ტელეფონი გათიშა [„ბაზუკა“ მსუბუქი, ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხია].

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ცივი იარაღის ტარება სხვადასხვა ადგილას, – საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, – აკრძალულია და 200-ლარიანი ჯარიმით ისჯება.

იგივე ქმედება 1 წლის ვადაში 1000 ლარით ჯარიმდება, მორიგი გამეორებისას კი – 6 თვიდან 2 წლამდე პატიმრობით, უკვე სისხლის სამართლის წესით.

მასალების გადაბეჭდვის წესი