ახალი ამბები

რუსეთი მის ტერიტორიაზე „უკრაინული მხარის შეტევებზე“ საუბრობს

14 აპრილი, 2022 • 1956
რუსეთი მის ტერიტორიაზე „უკრაინული მხარის შეტევებზე“ საუბრობს

რუსული მხარე უკრაინის მხრიდან თავისი ტერიტორიის მიმართულებით შეტევებზე საუბრობს.

რუსული სამთავრობო სააგენტო ТАСС-ის განცხადებით, რუსეთში, ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლიმოვსკში უკრაინული მხარის შეტევის შედეგად 7 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის, ორსული ქალი და ბავშვი.

რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის ოლქი, ერთი მხრივ, უკრაინულ ქალაქ ჩერნიგოვს, ხოლო მეორე მხრივ, ბელარუსის ქალაქ გომელს ესაზღვრება.

ამასთან, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სოფელი სპოდარიუშინო დაბომბა.

ბელგოროდის ოლქი ხარკოვს ესაზღვრება.

„მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი და დაჭრილები არ გვყავს. არ ფიქსირდება სამოქალაქო, საცხოვრებელი ობიექტების ნგრევა“, – წერს გლადკოვი ტელეგრამზე.

მისი თქმითვე, უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობა ორი სოფლიდან დროებით გაიყვანეს.

უკრაინა რუსეთს, „ცრუ დროშის“ ოპერაციების მოწყობაში ადანაშაულებს.

„ცრუ დროშის“ ოპერაცია გულისხმობს ამა თუ იმ მოქმედების/თავდასხმის შენიღბვას მეტოქის დადანაშაულების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი