უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ალექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე საზღვაო ბრიგადის ქვედანაყოფებმა მარიუპოლში რუსეთის შეიარაღებული ძალების ალყა გაარღვიეს და „აზოვის“ ბატალიონს შეუერთდნენ.
არესტოვიჩი ფეისბუკზე წერს, რომ ეს იყო „რთული და ძალიან სარისკო მანევრის“ შედეგი.
იგი ამ ოპერაციის სამ შედეგს ასახელებს:
- „აზოვი არსებითად გაძლიერდა;
- 36-ე ბრიგადამ თავიდან აიცილა განადგურება და მიიღო დამატებითი შესაძლებლობები. ფაქტობრივად, მეორე შანსი გაუჩნდა;
- ქალაქის მცველებმა, გაერთიანებულებმა, სერიოზულად გააძლიერეს თავდაცვის არეალი“.
ალექსი არესტოვიჩის თანახმად, საერთო ჯამში, ქალაქის თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდა და განმტკიცდა.
„არმიამ იცის, რასაც აკეთებს“, – წერს იგი.
ამავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მარიუპოლში, ილიჩის მეტალურგიული ქარხნის სიახლოვეს, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ჩაბარდა 36-ე საზღვაო ბრიგადის 1026 ჯარისკაცი, მათ შორის- 162 ოფიცერი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ეს მოხდა „რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მილიციის ქვედანაყოფების წარმატებული შეტევის შედეგად“.
13 აპრილის დილას ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმაც განაცხადა, რომ „1000-ზე მეტი სამხედრო დანებდა“ და „აზოვსტალში დარჩენილებს“ მოუწოდა, ჩაბარდნენ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა „როიტერსთან“ საუბარში განაცხადა, რომ „არანაირი დანებების შესახებ ინფორმაცია“ არ აქვთ.
ორშაბათს, 11 აპრილს ფეისბუკზე და მედიაში გავრცელდა განცხადება უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფის სახელით, სადაც ნათქვამია, რომ მარიუპოლში სამხედროებისთვის დღევანდელი დღე, ალბათ, ბოლო ბრძოლა იქნება, რადგან ტყვია-წამალი უთავდებათ.
ეს განცხადება შემდგომ უარყო და „ფეიკი“ უწოდა მარიუპოლის მერის მრჩეველმა – პეტრო ანდრიუშენკომ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ სამხედროებთან, რომლებიც მარიუპოლს იცავენ, კავშირი სტაბილურია და „მარიუპოლის დაცვა გრძელდება“.
მარიუპოლში “აზოვისა” და საზღვაო ქვეითების გარდა უკრაინელი მესაზღვრეებიც იბრძვიან.