ახალი ამბები

ბუჩაში რომ „ოცნებასთან“ ერთად წავიდე, უკანასკნელი აფერისტი უნდა ვიყო – ხოშტარია

13 აპრილი, 2022 • 2386
ბუჩაში რომ „ოცნებასთან“ ერთად წავიდე, უკანასკნელი აფერისტი უნდა ვიყო – ხოშტარია

„დროას“ ლიდერი ეხმაურება უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს. მისი თქმით, „უკანასკნელი აფერისტი უნდა“ იყო,  „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად უკრაინაში რომ წავიდეს.

როგორც ხოშტარია აცხადებს, ერთიანობა და კომპრომისები აუცილებელია უთანხმოებისას, მაგრამ „პრორუსის და პროუკრაინელის ერთიანობა ბუჩაში არის სიყალბის მწვერვალი“.

„ბუჩაში წასვლის ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი და ვრჩები. ოღონდ ქართულ ოცნებასთან ერთად ბუჩაში ჩასვლა, ხალხთან, რომლებიც ამ უბედურების ფონზე პირობებს უყენებდენ უკრაინას, რომლებმაც მოხალისეების წასაყვანი თვითმფრინავი დაბლოკეს, რომლებმაც რუსეთთან ვაჭრობას შესაძლებლობა უწოდეს, რომ წავიდე, უბარლოდ უკანასკნელი აფერისტი უნდა ვიყო.

მათ მმართველობას რა წამსაც კოლაბორაციონისტულს ვუწოდებ, რუსების ინტერესების გამტარებელს (და ამის არგუმენტები მაქვს), ამ თამაშის მონაწილე როგორ უნდა გახდე, რომ სახე დავაწყო და მათთან ერთად წავიდე უკრაინაში. ან ვყალიბდებით, რომ ეს მთავრობა ქვეყანის ინტერესებს არ ემსახურება, ან ხელოვნურად ვთამაშობთ ერთიანობანას მათთან“, – წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.

საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტზე განმარტება გააკეთა „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა. მისი თქმით, ომის პირობებში უკრაინაში ვერანაირი დელეგაცია მოწვევის გარეშე ვერ ჩავა.

სამადაშვილის თქმით, უკრაინელებზე უფრო დიდი უკრაინელობის მტკიცება კარგად არ გამოიყურება.

„უკრაინა იწვევს საპარლამენტო დელეგაციას. ოპოზიციამ რა უთხრას, ცალკე მოგვიწვიონ? რატომ? იმიტომ, რომ ქოცები არ არიან დღეს ქართველი ხალხის პოზიციის გამომხატველი? ხალხის ნაწილის პოზიციის გამომხატველი ჯერ კიდევ არის ოცნება. მალე შეიცვლება ეს რეალობაც. პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალები ერთად, სწორედ ხალხის პოზიციას ასახავენ.

თუ დანაწევრებული ქართველი ხალხი უკრაინის ტრაგედიამ ისე გააერთიანა, რომ ქოცებსაც უწევთ უკრაინაში ჩასვლა, საკუთარი ელექტორატის და ოპოზიციის ზეწოლის შედეგად, ეს ქართველ ხალხის დამსახურებაა, ქოციან, ნაციან, შუაშისტიანად.
და ძალიანაც კარგი“, – დაწერა სოციალურ ქსელში სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კიევში მიმდინარე კვირის ბოლოს გაემგზავრება. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმდჯომარემ შალვა პაპუაშვილმა თავდაპირველად უკრაინელი კოლეგის მიწვევაზე უარი თქვა და უკრაინაში ჩასასვლელად წინაპირობები წაუყენა, დღეს, 13 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო დელეგაცია უკრიანაში პაპუაშვილის ხელმძღვანელობით წავა.

საპარლამენტო დეგელეგაციაში „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად იქნებიან საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც, გარდა „ევროპელი სოციალისტებისა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი