ახალი ამბები

პარლამენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ცვლილებებს I მოსმენით მხარი დაუჭირა

12 აპრილი, 2022 • 830
პარლამენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ცვლილებებს I მოსმენით მხარი დაუჭირა

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის კრიტიკის მიუხედავად, პარლამენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებს 83 ხმით 15 წინააღმდეგ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კენჭისყრა პარლამენტში დღეს, 12 აპრილს, გაიმართა.

კანონპროქტი, რომლის ავტორებიც „ქართული ოცნების“ წევრები არიან, პარლამენტს დაჩქარებული წესით უნდა მიეღო.

თუმცა “ქართულმა ოცნებამ” მისი განხილვა 2 კვირით გადადო და დღეს დაუბრუნდა.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ანრი ოხანაშვილმა თქვა, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის სივრცე აღარ დარჩა, რომ ცვლილებები არ მიეღოთ.

კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოს შეეძლება კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მეორე ორგანოს წინააღმდეგ მის მიერ გამოცემული არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ ასევე მოქმედების/უმოქმედობის საფუძველზეც, თუკი მიიჩნევს, რომ ამ ორგანომ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.

ოპოზიციის ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ. ოპოზიციის ნაწილი პარლამენტს მოუწოდებდა, რომ კანონპროექტი დაჩქარებულად არ მიეღო.

კანონპროექტის ინიცირება მოჰყვა „ქართული ოცნების“ მიერ რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც პარტია საუბრობდა სახელმწიფოს მეთაურის მოქმედებების/უმოქმედობის საპასუხოდ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვაზე. თუმცა ამ ინიციატივის შესახებ განცხადებაში საუბარი არ ყოფილა და ბუნდოვანი იყო, რის საფუძველზე იგეგმებოდა პრეზიდენტის წინააღმდეგ დავის წამოწყება. მმართველი პარტიის წარმომადგენლები იქვე ირწმუნებოდნენ, რომ პრეზიდენტისთვის ჩივილს არ აპირებდნენ.

თავის მხრივ, ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადება უკავშირდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, უკრაინის საკითხებზე რიგგარეშე სხდომის მოწვევას, 5 მარტს ყოველწლიური მოხსენებით წარდგენის მოთხოვნას და ,რაც მთავარია, ხელისუფლების საპირისპირო პოზიციონირებას ევროინტეგრაციისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი