შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ტაქსის მძღოლი, რომელმაც მომსახურების საფასურთან დაკავშირებული უთანხმოების შემდეგ უცხოეთის ორი მოქალაქე მათთვის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა და უთხრა, რომ 500 ლარის გადახდის შემდეგ გაუშვებდა.
თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ა.ბ.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს უცხო ქვეყნების ორ მოქალაქესთან, დ.ს.- თან და ს.ტ.-სთან, ტაქსით მომსახურების საფასურთან დაკავშირებით უთანხმოება მოუვიდა. რის შემდეგაც, ა.ბ.-მ მგზავრები მათთვის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა და უთხრა, რომ ჩაკეტილი ავტომობილიდან მხოლოდ 500 ლარის გადახდის შემდეგ გაუშვებდა. ა.ბ.- მ მგზავრებს ავტომობილიდან გადასვლის შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც მათ მომხდარზე ახლობლებთან სატელეფონო ზარის განხორციელება სცადეს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სამართალდამცველებმა სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტაქსის მძღოლი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ცნობით, ორი პირის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.








