ახალი ამბები

სლოვაკეთი არ გამორიცხავს, უკრაინას MiG-29-ები მიაწოდოს

12 აპრილი, 2022 • 1199
სლოვაკეთი არ გამორიცხავს, უკრაინას MiG-29-ები მიაწოდოს

სლოვაკეთი მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს შეთანხმების მისაღწევად, რომელიც ბრატისლავას საშუალებას მისცემს, უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები გაუგზავნოს.

ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა.

გასული კვირის ბოლოს უკრაინაში ვიზიტის შემდეგ ჰეგერმა POLITICO-ს უთხრა, რომ მის მთავრობას სთხოვეს, უკრაინისთვის მიეწოდებინა საბჭოთა დიზაინის MiG-29 გამანადგურებელი თვითმფრინავი და სლოვაკური წარმოების „ზუზანა“ თვითმავალი ჰაუბიცები, რაზეც დისკუსიები მიმდინარეობს.

ჰეგერის თქმით, მის მთავრობას სურდა, ნებისმიერ შემთხვევაში თავი დაეღწია MiG-ებზე დამოკიდებულებისგან, რადგან საბჭოთა ტექნიკის შენარჩუნება რუსეთთან „ურთიერთობის“ გარეშე შეუძლებელია, 2024 წელს კი სლოვაკეთი აშშ-ისგან F-16-ებს ელოდება.

„სლოვაკეთი ძალიან ინტენსიურ დისკუსიაშია ჩვენს პარტნიორებთან იმის შესახებ, თუ როგორ დავიცავთ ქვეყნის საჰაერო სივრცეს. ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ამ აღჭურვილობაზე საუბარი უკრაინასთან დაკავშირებითაც“, — თქვა სლოვაკეთის პრემიერმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ შესაძლოა, სლოვაკეთმა უკრაინას თვითმფრინავები გადასცეს, თუ ის მიიღებს გარკვეულ გარანტიებს დასავლელი პარტნიორებისგან, მან უპასუხა: „ამაზე ვსაუბრობთ. დიახ”.

ჰეგერმა არ დაასახელა რიცხვი, თუ რამდენი MiG-ის მიცემა შეუძლია სლოვაკეთს. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანას დაახლოებით ათეული ასეთი თვითმფრინავი აქვს.

ბოლო დღეებში ბრატისლავამ უკვე განახორციელა ერთი გაცვლა — უკრაინაში S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემის გაგზავნის სანაცვლოდ ის ამერიკულ „პატრიოტის“ სარაკეტო სისტემას იღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი