ახალი ამბები

ბორის ჯონსონის წერილი ღარიბაშვილს

11 აპრილი, 2022 • 3141
ბორის ჯონსონის წერილი ღარიბაშვილს

„კარგად ვაცნობიერებ იმ ფაქტს, რომ პროვოცირების გარეშე, ვლადიმერ პუტინის მხრიდან წინასწარი განზრახვით განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმა უკრაინაზე კიდევ უფრო ამძაფრებს იმ გამოწვევებს, რომლებსაც საქართველო მრავალი წელია მამაცად უპირისპირდება“, — ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის წერილში, რომელშიც მან დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს გამოუგზავნა.

ბორის ჯონსონის წერილს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ამა წლის 27 აპრილს გაერთიანებული სამეფო და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობის განახლების 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ. მსურს, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და კვლავ დაგიდასტუროთ, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გაერთიანებული სამეფო იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებობს“, – ნათქვამია წერილში.

ბორის ჯონსონის თქმით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფო და საქართველო თანამშრომლობენ მნიშვნელოვანი პარტნიორობის გასავითარებლად.

„აღსანიშნავია ის წინსვლა, რომლის თვითმხილველნიც საქართველოში გავხდით დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. ბოლო 30 წლის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფო და საქართველო თანამშრომლობენ მნიშვნელოვანი პარტნიორობის გასავითარებლად, რაც მრავალ სფეროს მოიცავს და მათ შორისაა პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, უსაფრთხოების, თავდაცვის, განათლებისა და კულტურული მიმართულებები. მახარებს ის, თუ როგორ გაფართოვდა და აყვავდა ის ურთიერთობა, რომლის სიმბოლოდ იქცა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ყოველწლიური ფორმატი ისევე, როგორც ჩვენი ორმხრივი პარტნიორობისა და თანამშრომლობის ახალი შეთანხმება. ასევე ვაფასებთ ჩვენს თანამშრომლობას რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის, გარემოსდაცვით და კლიმატის ცვლილების მიმართულებით“, — ნათქვამია წერილში.

ჯონსონის თანახმად, გაერთიანებული სამეფო და საერთაშორისო თანამეგობრობა მსოფლიო ერების თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის რუსეთის ღია აგრესიის პირისპირ დგანან.

„მინდა ასევე გარწმუნოთ, რომ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანის სადარაჯოზე. მოუთმენლად ველი მომდევნო წლებში ჩვენი პარტნიორობის უწყვეტ განვითარებას”, —  ნათქვამია წერილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი