ახალი ამბები

ლანდბერგისი საქართველოსა და მოლდოვისგან უკრაინის წვლილის დაფასებას და სანქციებთან შეერთებას ელის

11 აპრილი, 2022 • 1359
ლანდბერგისი საქართველოსა და მოლდოვისგან უკრაინის წვლილის დაფასებას და სანქციებთან შეერთებას ელის

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისის შეფასებით, უკრაინა ძვირ ფასს იხდის ევროპული პერსპექტივისთვის და აღმოსავლეთ პარტნიორებმა მას მხარი უნდა დაუჭირონ.

ამის შესახებ ლანდსბერგისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე, საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარის გადაცემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, უკრაინამ გაწია უზარმაზარი სამუშაო იმ ბარიერის გასარღვევად, რომლის გადალახვა სამ ქვეყანას არ შეეძლო. მაგრამ სისხლის ფასად დაუჯდა ეს ყველაფერი  — ადამიანები ყოველდღე იხოცებიან ამისთვის. ასე რომ, ვფიქრობ, დაფასებული უნდა იყოს, რაც გაკეთდა ამის მისაღწევად. ვიმედოვნებ, რომ პარტნიორები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში შეუერთდებიან სანქციებს უკრაინის მხარდასაჭერად და დაგმობენ რუსეთის ქმედებებს“, — განაცხადა ლანდსბერგისმა და დასძინა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს ტრიოს პერსპექტივას.

ლანდსბერგისის თქმით, ერთადერთი, რასაც უნდა ველოდოთ, არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, დაწყებული უკრაინიდან, შემდეგ კი პროცედურების გაგრძელება. მისი თქმით, ლიეტუვა ამ პროცესში სამივე ქვეყანას მხარს დაუჭერს.

უკრაინას — 8 აპრილს, საქართველოსა და მოლდოვას კი დღეს, 11 აპრილს, გადაეცა ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარი. კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარი (Questionnaire) წარმოადგენს ევროკომისიის ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის გამოყენებითაც ხდება გაწევრების მსურველი ქვეყნის შეფასება კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. კითხვარზე აპლიკანტი სახელმწიფოსგან მიღებული პასუხების შემდეგ ევროკომისია ამზადებს ანგარიშს და იძლევა რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს.

საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. 10 მარტს ვერსალში გამართულ შეხვედრაზე ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი. საბჭომ ევროკომისიას დაავალა, წარმოედგინა თავისი მოსაზრება უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას განაცხადებთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი