ახალი ამბები

Google-მა რუსეთის დუმის Youtube არხი დაბლოკა

9 აპრილი, 2022 • 1213
Google-მა რუსეთის დუმის Youtube არხი დაბლოკა

Google-მა დაბლოკა რუსეთის სახელმწიფო დუმის Youtube არხი “დუმა ტვ”, რომელსაც 145 000 გამომწერი ჰყავდა. ინფორმაციას თავად დუმა ავრცელებს და დასძენს, რომ არხის მეშვეობით მომხმარებლებს “დეპუტატების ექსკლუზიურ კომენტარებსა” და სხვა მასალებს უზიარებდა.

“თქვენი ანგარიში სამუდამოდ შეჩერებულია ექსპორტის შეზღუდვისა და სანქციების პოლიტიკის შესაბამისად”, — აღნიშნულია Google-ს შეტყობინებაში, რომლის სქრინსაც “დუმა ტვ”-ს ტელეგრამის არხი ავრცელებს.

ფაქტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “როგორც ჩანს, YouTube-მა ხელი მოაწერა საკუთარ განაჩენს”.

თავის მხრივ, Google-მა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ იგი ვალდებულია, დაიცვას ყველა მოქმედი სანქცია და სავაჭრო შესაბამისობის კანონები.

“თუ აღმოვაჩენთ, რომ ანგარიში არღვევს ჩვენი მომსახურების პირობებს, ჩვენ ვიღებთ შესაბამის ზომებს”, — ამბობს კომპანია.

Youtube-მა, რომელსაც კომპანია Google ფლობს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ კრემლის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებების დაბლოკვის შესახებ განაცხადა.

მეორე მხრივ, რუსეთის სახელმწიფო მედია ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში იუწყებოდა ქვეყანაში Youtube-ის დაბლოკვის შესაძლებლობაზე.

მიმდინარე კვირაში მოსკოვმა თქვა, რომ YouTube “გადაიქცა ყალბი ამბების გავრცელების ერთ-ერთ მთავარ პლატფორმად” პუტინის ხელისუფლების მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომზე, რომელსაც მისი ხელისუფლება “სპეციალურ სამხედრო ოპერაციად მოიხსენიებს”.

ამ ფონზე, რუსეთის კომუნიკაციების მარეგილრებელმა ორგანომ Google-ის რესურსების რეკლამის შეზღუდვა დააანონსა.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებამ უფრო მეტად გააძლიერა დევნა როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ.

მარტში მიიღეს კანონი, რომელიც “რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის”  რუსეთის მოქალაქეებს 15 წლამდე პატიმრობით ემუქრება.

უკანასკნელ პერიოდში ქვეყანაში როგორც რუსული, ისე დასავლური მედიასაშუალებების ვებგვერდები დაბლოკეს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს “ფეისბუკთან” და “ინსტაგრამთან” მიმართებითაც, “ტვიტერზე” კი წვდომა შეიზღუდა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, 40 დღეზე მეტია, რუსეთის ძალები ბომბავენ როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი