ახალი ამბები

“მე მგონი, ავად არის” – ჩავა თუ არა პაპუაშვილი ბუჩაში

8 აპრილი, 2022 • 5921
“მე მგონი, ავად არის” – ჩავა თუ არა პაპუაშვილი ბუჩაში

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ეხმაურება პარლამენტის თავმდჯომარის შალვა პაპუაშვილის უკრაინაში, კერძოდ, ბუჩაში მიწვევას და ამბობს, რომ მმართველი გუნდის წევრებს არსად ჩასვლის პრობლემა არ აქვთ.

თუმცა, მისი თქმით, შალვა პაპუაშვილი ავად არის.

“ჩვენ არსად ჩასვლის პრობლემა არა გვაქვს. ამ საკითხს ალბათ ბატონი შალვა თვითონ უპასუხებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, რამდენად ეფექტური იქნება პაპუაშვილის ბუჩაში ჩასვლა და უნდა ჩავიდეს თუ არა, ქადაგიშვილმა უპასუხა:

„მე მგონი, ავად არის შალვა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ სანამ უკრაინა ბოდიშს არ მოიხდის, იქ ჩასვლაზე საუბარი არ უნდა იყოს.

„ჩემი პოზიციაა, სანამ უკრაინის მხარე არ გააკეთებს განმარტებებს მათი უშიშროების ბინძურ ბრალდებებზე, არ იქნება არგუმენტები, ან წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნება ბოდიში მოხდილი, მე ვფიქრობ, ასეთ საკითხებზე საუბარი არ უნდა იყოს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

„ნეტგაზეთს“ პარლამენტის პრესსამსახურშიც დაუდასტურეს, რომ სომხეთში ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ პაპუაშვილი თავს შეუძლოდ გრძნობს და მეორე დღეა სამსახურში არ გამოცხადებულა.

უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეები ბუჩაში მიიწვია. საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უკრაინელი კოლეგისგან ბუჩაში ჩასვლის მიწვევა მიიღო. ამის შესახებ მან დღეს, 8 აპრილს, უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ნეტგაზეთს“ პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ შალვა პაპუაშვილს რადის თავმჯდომარის მიწვევა არ მიუღია.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემეგ განუწყვეტლივ ბომბავს უკრაინის ქალაქებს, რის შედეგადაც დაღუპულია ათასობით ადამიანი.

მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა, რაც უკრაინელებმა რუსების მიერ ოკუპირებული ქალაქები გაათავისუფლეს. კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ბუჩაზე უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი რამდენიმე დღის წინ დაიბრუნეს. ქალაქში შესულ ჟურნალისტებს და სამხედროებს ქუჩებში ასობით მოკლული ადამიანის ცხედარი დახვდათ. მათ ნაწილს ხელები ჰქონდა შეკრული. მოკლულ მშვიდობიან მოსახლეობას შორის იყვნენ ქალები და ბავშვებიც. მანამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს ქალაქი რუსი სამხედროების ხელში იყო. კიევის ოლქში მდებარე ქალაქ ბუჩაში სამოქალაქო პირების მკვლელობების ფაქტი მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა დაგმო და დაადანაშაულა რუსეთი ომის დანაშაულების ჩადენაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი