ახალი ამბები

რუსეთი აცხადებს, რომ საქართველოდან მწერებს რუსეთში დაავადებები გადააქვთ

8 აპრილი, 2022 •
რუსეთი აცხადებს, რომ საქართველოდან მწერებს რუსეთში დაავადებები გადააქვთ

რუსეთი კვლავ აცხადებს, რომ საქართველოში არსებული რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი რუსეთისთვის საშიშროებას წარმოადგენს, ამჯერად, “გადამტანი მწერების” სახით.

“გამოქვეყნებული მასალები საშუალებას გვაძლევს, ახლებურად შევხედოთ რუსეთის სამხრეთით არსებულ ბიოლოგიურ სიტუაციას”, – განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის დანაყოფის უფროსმა იგორ კირილოვმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

როგორც რუსული სახელმწიფო გამოცემა tass წერს, გამოსვლის დროს კირილოვმა  სლაიდზე წარმოადგინა “2007 წლიდან  ღორის აფრიკული ჭირის გავრცელება საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში, ევროპასა და ჩინეთში”.

“აღნიშნული სახელმწიფოების ტერიტორიებზე ცხოველების სინჯებში აღმოჩენილია ღორის აფრიკული ჭირის ვირუსის შტამები, რომელიც იდენტურია “საქართველო-2007″ შტამის. დიდი ალბათობით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ეს შტამი შექმნილი იყო პენტაგონს დაქვემდებარებულ ერთ-ერთ ბიოლაბორატორიაში”.

მისივე თქმით, “ლუგარის სახელობის ცენტრის დისლოკაციის რეგიონში განსაკუთრებით უარესდება სიტუაცია, რომელიც უკავშირდება გადამტანი მწერების მიერ დაავადებების გავრცელებას”.

რუსული მხარე აცხადებს, რომ სხვადასხვა სახეობის მწერთა გავრცელების არეალი იცვლება და ის მწერები, რომლებიც აქამდე მხოლოდ სამხრეთ ქვეყნებში არსებობდნენ, დღეს უკვე საქართველოდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეინიშნებიან.

მოსკოვის წარმომადგენლის მტკიცებითვე, დაავადებული მწერების ჰაერში  გასავრცელებლად პენტაგონი საპილოტე საფრენ აპარატებს იყენებს.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ “რუსი სპეციალისტები სწავლობენ აშშ-ის “საიდუმლო პროექტს” უკრაინაში ღამურების მეშვეობით დაავადებების გადატანის შესახებ”.

რატომ ეხმარება აშშ საქართველოს, აზერბაიჯანს და სხვებს ლაბორატორიების მოწყობაში

აშშ-ის დაფინანსებით გახსნილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრების შესახებ, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე, რუსული მხარე წლების განმავლობაში ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ ლაბორატორიებით ბაქტეროლოგიურ საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის უახლესი შენობა სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრისა და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.

რატომ ეხმარება აშშ საქართველოს, აზერბაიჯანს და სხვებს ლაბორატორიების მოწყობაში

მასალების გადაბეჭდვის წესი