ახალი ამბები

პესკოვი: თუ ფინეთი და შვედეთი NATO-ს შეუერთდებიან, ეგზისტენციალურ საფრთხედ არ განვიხილავთ

8 აპრილი, 2022 • 15504
პესკოვი: თუ ფინეთი და შვედეთი NATO-ს შეუერთდებიან, ეგზისტენციალურ საფრთხედ არ განვიხილავთ

კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ თუ ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრები გახდებიან, რუსეთს მოუწევს დასავლეთის ფლანგი უფრო დაცული გახადოს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

თუმცა პესკოვი აღნიშნავს, რომ ამგვარი ნაბიჯი არ იქნება განხილული როგორც ეგზისტენციალური საფრთხე, რომელმაც შესაძლოა რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე დააფიქროს.

ამავე ინტერვიუში პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს  უკრაინაში “სამხედროების მნიშვნელოვანი დანაკარგი” აქვს, რაც “დიდი ტრაგედიაა”.

ჟურნალისტმა პესკოვს ჰკითხა, არის თუ არა უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი “დამამცირებელი”, რუსეთის მიერ კიევიდან უკან დახევისა და ათასობით სამხედროს დაკარგვის ფონზე.

საპასუხოდ პესკოვმა თქვა, რომ ადგილი აქვს “არასწორ გაგებას” იმისა, რაც ხდება, თუმცა კითხვას, დაკარგა თუ არა რუსეთმა ათასობით სამხედრო, კრემლის პრესსპიკერმა ასე უპასუხა:

“დიახ, ჩვენ გვაქვს სამხედროების მნიშვნელოვანი დანაკარგი და ეს დიდი ტრაგედიაა”.

ამასთან, პესკოვის სიტყვებით, კიევის რეგიონიდან და ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჩერნიგოვიდან გასვლა იყო “კეთილგანწყობის აქტი” სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს “დაძაბულობის მოხსნის მიზნით”.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, 40 დღეზე მეტია, რუსეთის ძალები ბომბავენ როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი