ახალი ამბები

მერია მზადაა თბილისის ერთ-ერთ მოედანს “უკრაინის გმირების” სახელი მიენიჭოს

7 აპრილი, 2022 • 1326
მერია მზადაა თბილისის ერთ-ერთ მოედანს “უკრაინის გმირების” სახელი მიენიჭოს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში უკრაინის დროებით რწმუნებულთან, ანდრეი კასიანოვთან შეხვედრისას აღნიშნა მერიის მზაობა, დედაქალაქის რომელიმე მოედანს “უკრაინის გმირების” სახელი დაერქვას. ინფორმაციას უკრაინის საელჩო ავრცელებს.

კალაძესა და კასიანოვს შორის შეხვედრა თბილისის მერიაში შედგა. საელჩოს თანახმად, განიხილეს უკრაინის იმ მოქალაქეთა დახმარების საკითხები, რომლებიც ომის გამო იძულებულნი არიან, საქართველოში დარჩნენ.

უწყების თანახმად, მხარეებმა ასევე იმსჯელეს უკრაინული ჯგუფების შექმნაზე საქართველოს სკოლამდელ დაწესებულებებში, ისევე როგორც კიევის საქალაქო ადმინისტრაციისთვის ფინანსური დახმარების გაწევის საკითხზე.

“კახა კალაძემ აღნიშნა თბილისის მერიის მზადყოფნა, საკრებულოსთან თანამშრომლობით, იმუშაოს თბილისის ერთ-ერთი მოედნისთვის „უკრაინის გმირების“ სახელის მინიჭების საკითხზე.

უკრაინულმა მხარემ მადლობა გადაუხადა თბილისის მერიის მიერ უკრაინის 50 ტონა ჰუმანიტარული დახმარებისთვის (საკვები, მედიკამენტები, ტანსაცმელი და ა.შ.)”, — წერს საელჩო.

თბილისის მერიაში ადასტურებენ მზაობას მოედნის სახელდებასთან დაკავშირებით. უწყების თანახმად, საკითხი საკრებულოში არსებულმა სახელდების კომისიამ უნდა გადაწყვიტოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი