ახალი ამბები

ბელარუსის გარეშე უკრაინაზე მოლაპარაკებები არ უნდა იმართებოდეს – ლუკაშენკო

7 აპრილი, 2022 • 9299
ბელარუსის გარეშე უკრაინაზე მოლაპარაკებები არ უნდა იმართებოდეს – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსის გარეშე უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები არ უნდა იმართებოდეს, რადგანაც ბელარუსი ამ ომში “ჩაითრიეს”.

“მინდა ჩვენი პოზიციის შესახებ გითხრათ, რომელიც უკვე გადავეცით საგარეო საქმეთა სამინისტროს რეალიზებისთვის. ბელარუსის გარეშე არ არის შესაძლებელი მოლაპარაკებები. თუკი ჩვენ ამაში ჩაგვითრიეთ [პირველ რიგში, ეს დასავლეთის ქვეყნებს ეხება], იმ მოლაპარაკებებზე, ბუნებრივია, უნდა ისმოდეს ბელარუსის პოზიციაც. ჩვენ იქიდან კი არ გამოვდივართ, რომ რუსეთთან ერთ კალათაში მოგვათავსეს, არა, იქიდან, რომ ეს ომი ჩვენი ქვეყნის ჭიშკარს მიღმაა და ის ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს ბელარუსის დღევანდელ სიტუაციაზე. ამიტომ ბელარუსისგან სეპარატისტული რაიმე შეთანხმებები ვერ იარსებებს. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ ეს პოზიცია რუსეთს ესმის და ამაში ცუდი არაფერია. მაგრამ ეს პოზიცია დასავლეთის პოზიციას ეწინააღმდეგება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთის დაკრულზე უნდა ვიცეკვოთ”, – განაცხადა ლუკაშენკომ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.

ბელარუსის ხელისუფლებამ, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ხელმძღვანელობით, უკრაინის ომში მხარდაჭერა რუსეთს გამოუცხადა. უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის განცხადებით, უკრაინის საზღვრებს რუსულმა ძალებმა შეუტია არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციიდან, არამედ ბელარუსიდანაც. ბელარუსის ხელისუფლების პოზიციას ემიჯნება ქვეყნის ოპოზიცია და მოქალაქეების ნაწილი.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი