ახალი ამბები

დიდი ალბათობით, წელს ჯანმო პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს – გამყრელიძე

7 აპრილი, 2022 • 1138
დიდი ალბათობით, წელს ჯანმო პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დიდი ალბათობით, წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს, თუ ვირუსის ევოლუციაში რაიმე ექსტრაორდინალური არ მოხდა.

„დღეს პირველი დღეა 2020 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც ჩვენ ნულოვანი მაჩვენებელი გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ყველა პროგნოზით, რასაც საერთაშორისო სხვადასხვა დიდი ინსტიტუციები აკეთებენ და მათ შორის ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაშიც და მათ საფუძველზე, ასევე, ჩვენც ვაკეთებთ პროგნოზირებას, ეს სტაბილიზაცია უნდა გაგრძელდეს აპრილში, შესაძლებელია, გარკვეული მცირე პუნქტუაციებით[…]

არ გამოცხადებულა დასრულებულად პანდემია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, მაგრამ მისი მწვავე ფაზა სწორედ ამ მწვავე დოკუმენტშია. მათ თქვეს, რომ პანდემიის მწვავე ფაზა სრულდება, ანუ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, თუ რამე ექსტრაორდინალური არ მოხდა ამ ვირუსის ბიოლოგიაში და ევოლუციაში, დიდი ალბათობით, წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს“, – განაცხადა გამყრელიძემ „რუსთავი 2-თან“.


2020 წლის ზაფხულიდან დღემდე პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როცა კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, 6 აპრილს კოვიდით გარდაცვალების შემთხვევა არ დაუფიქსირებიათ.

საქართველოში კორონავირუსით პირველი პაციენტი 2020 წლის აპრილში დაიღუპა და მას შემდეგ საქართველოში ვირუსით დაღუპვის 16 765 შემთხვევაა აღრიცხული. პანდემიის განმავლობაში გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო 2021 წლის 2 სექტემბერს. ამ დღეს 86 ადამიანი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი