ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი NBC-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ არ არსებობს სცენარი, რომელშიც შესაძლოა უკრაინამ სუვერენიტეტი დაკარგოს.
ჟურნალისტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰკითხა, შეუძლია თუ არა უკრაინას გამარჯვება:
„საბოლოო ჯამში, კი. რა არის წარმატება, რა არის გამარჯვება? ეს ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შენარჩუნებაა და არ არსებობს სცენარი, რომელშიც ასე არ მოხდება. პრობლემა ისაა, რომ შესაძლოა, ამას დრო დასჭირდეს, ამ დროის განმავლობაში კი იქნება უზარმაზარი დესტრუქცია და დაიღუპება ბევრი ადამიანი. თუმცა, რაც შთამბეჭდავია, უკრაინელებმა ცალსახად გვიჩვენეს, რომ უკრაინელები ვლადიმერ პუტინის სურვილს არ დაემორჩილებიან“, — ამბობს ენტონი ბლინკენი.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებებიდან, ისე ჩრდილოეთიდან, ბელარუსის რესპუბლიკიდან. ამ დროის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის ოლქის ალყაში მოქცევა უშედეგოდ სცადეს. ისინი ლოჯისტიკურ პრობლემებს და უკრაინის შეიარაღებული ძალების მტკიცე წინააღმდეგობას წააწყდნენ.
მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალებმა დედაქალაქის მიმართულებით წინ ვერ წაიწიეს და უკრაინელები კიევის ოლქში კონტრშეტევებზე გადავიდნენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ პირველადი ამოცანები შესრულებულია და ამიერიდან დონბასზე იქნებიან კონცენტრირებული.
ომის დაწყებამდე, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემთხვევაში, აშშ-ის დაზვერვა კიევის რამდენიმე დღეში დაცემას ვარაუდობდა. აშშ-ის ევროპის სარდლობის უფროსის თანახმად, სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებაში „შეიძლება ყოფილიყო“ ხარვეზი, რამაც გამოიწვია შეერთებული შტატების მიერ რუსეთის შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება და უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების სათანადოდ ვერ შეფასება ომამდე.