ახალი ამბები

უკრაინას სავსებით შეუძლია, ომი მოიგოს — პენტაგონი

7 აპრილი, 2022 • 2185
უკრაინას სავსებით შეუძლია, ომი მოიგოს — პენტაგონი

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ამბობს, რომ „შეუძლებელია“ იცოდე, რამდენ ხანს გაგრძელდება უკრაინაში ომი, თუ არ დამთავრდება დიპლომატიური გზით, მაგრამ უკრაინას „რა თქმა უნდა“, შეუძლია ომი მოიგოს.

პენტაგონის პრესსპიკერ ჯონ კირბის თქმით, რუსეთი აპირებს ძალების კონცენტრირებას უფრო მცირე გეოგრაფიულ არეალში [აღმოსავლეთსა და სამხრეთში], რაც ნიშნავს ძალადობის გაგრძელებას და გაძლიერებას აღნიშნულ ნაწილში. თუმცა კირბიმ გაიმეორა, რომ უკრაინას სავსებით შეუძლია, მოიგოს ომი, რაც აჩვენა პუტინის უუნარობამ, მიაღწიოს თავის სტრატეგიულ მიზნებს.

„მარიუპოლი ჯერ კიდევ არ არის აღებული. მან თავისი ძალები კიევიდან გამოიყვანა. ჩერნიგოვიდან გამოიყვანა. მათ არ აუღიათ ხარკოვი. მათ არ აუღიათ მიკოლაევი სამხრეთით. ასე რომ, ვფიქრობ, მტკიცებულება ფაქტიურად არის ის შედეგები, რომლებსაც თქვენ ხედავთ ყოველდღე“, — განაცხადა ჯონ კირბიმ.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებებიდან, ისე ჩრდილოეთიდან, ბელარუსის რესპუბლიკიდან. ამ დროის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის ოლქის ალყაში მოქცევა უშედეგოდ სცადეს. ისინი ლოჯისტიკურ პრობლემებს და უკრაინის შეიარაღებული ძალების მტკიცე წინააღმდეგობას წააწყდნენ. მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალებმა დედაქალაქის მიმართულებით წინ ვერ წაიწიეს და უკრაინელები კიევის ოლქში კონტრშეტევებზე გადავიდნენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ პირველადი ამოცანები შესრულებულია და ამიერიდან დონბასზე იქნებიან კონცენტრირებული.

ომის დაწყებამდე, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემთხვევაში, აშშ-ის დაზვერვა კიევის რამდენიმე დღეში დაცემას ვარაუდობდა. აშშ-ის ევროპის სარდლობის უფროსის თანახმად, სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებაში „შეიძლება ყოფილიყო“ ხარვეზი, რამაც გამოიწვია შეერთებული შტატების მიერ რუსეთის შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება და უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების სათანადოდ ვერ შეფასება ომამდე.

რუსეთის გადაჭარბებული შეფასება შესაძლოა, დაზვერვის ხარვეზი იყო – ამერიკელი გენერალი

მასალების გადაბეჭდვის წესი