ახალი ამბები

ნატო საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მედეგობის გაძლიერებაზე იმსჯელებს

5 აპრილი, 2022 • 1628
ნატო საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მედეგობის გაძლიერებაზე იმსჯელებს

6-7 აპრილს ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება.

შეხვედრაზე განსახლველი მთავარი საკითხია რუსეთის აგრესია უკრაინაში. ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების გარდა, მინისტერილში მონაწილეობას მიიღებენ ფინეთი, შვედეთი, საქართველო, უკრაინა და ევროპის კავშირი.

„უახლოეს კვირებში ჩვენ ველოდებით რუსეთის შემდგომ ბიძგს აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში, რათა დაიკავონ მთელი დონბასი და სახმელეთო ხიდი შექმნან ოკუპირებულ ყირიმთან. ეს არის ომის გადამწყვეტი ეტაპი და როცა უკრაინა ახალი შეტევის წინაშე დგას, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, თუ რას გავაკეთებთ ჩვენ. მოკავშირეებს გადაწყვეტილი აქვთ უკრაინას შემდგომი მხარდაჭერა, მათ შორის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღით, საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და სხვა აღჭურვილობით. მოკავშირეებმა ასევე გაზარდეს ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება“, — განაცხადა მინისტერიალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ნატო ასევე ეძებს უკრაინისთვის დახმარების გზებს კიბერუსაფრთხოების და ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეებისგან დაცვის აღჭურვილობის კუთხით.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსი ასევე სხვა ქვეყნების დახმარების გზებს ეძებს, რომლებიც მოწყვლადი არიან რუსეთის აგრესიის წინაშე.

„მე ველი, რომ ჩვენ ასევე გადავწყვეტთ მეტის გაკეთებას ნატო-ს სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც დაუცველები არიან რუსეთის საფრთხეებისა და ჩარევის მიმართ, მათ შორისაა საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა. ჩვენი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერებით, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს მათი მედეგობის გაძლიერებაში და მომავალი აგრესიის თავიდან აცილებაში“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი