ახალი ამბები

ცნობილია, რას მოიცავს სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ

5 აპრილი, 2022 • 2040
ცნობილია, რას მოიცავს სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ

ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს წარადგენს, რაც რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის  და რუსული გემების ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს, თუმცა იქნება გამონაკლისი, მათ შორის, ენერგეტიკაზე.

„რუსეთის ფინანსური სისტემის შემდგომი დასუსტების მიზნით“ სანქციების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს ოთხი რუსული ბანკისთვის ტრანზაქციის სრულ აკრძალვას, მათ შორისაა: VTB,  Sberbank და Gazprombank.

სანქციების ახალი პაკეტი ასევე ითვალისწინებს რუსული კომპანიებისთვის ევროკავშირის მასშტაბით სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აკრძალვას, სანქციები შეეხებათ ინდივიდებსაც.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თანახმად, სანქციების მეხუთე პაკეტის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  1. რუსეთიდან  წელიწადში 4 მილიარდი ევროს ღირებულების ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა, რაც ამცირებს რუსეთის შემოსავლის კიდევ ერთ მნიშვნელოვან წყაროს.
  2. ტრანზაქციის სრული აკრძალვა 4 ძირითად რუსულ ბანკზე.
  3. ევროკავშირის პორტებში  შესვლის აკრძალვა რუსული და რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემებისთვის, ასევე აკრძალვა ეხება რუსეთისა და ბელარუსის საგზაო გადაზიდვებს.
  4. 10 მილიარდი ევროს ღირებულების საექსპორტო აკრძალვები ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა: მოწინავე ნახევარგამტარები, მანქანები და სატრანსპორტო აღჭურვილობა.
  5. კონკრეტული ახალი შეზღუდვები 5.5 მილიარდი ევროს ღირებულების იმპორტზე.
  6. მიზანმიმართული ზომები, როგორიცაა ევროკავშირში საჯარო შესყიდვებში რუსული კომპანიების მონაწილეობის აკრძალვა და რუსეთის სახელმწიფო ორგანოებისთვის ყოველგვარი ფინანსური მხარდაჭერის გამორიცხვა.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ამ კრიტიკულ ეტაპზე რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლა არსებობდეს.

ევროკომიიის მიერ წარდენილი სანქციები ევროკავშირში შემავალმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი