ახალი ამბები

“ოცნება“ მტრულ გარემოს უქმნის მედიას და გზას უხსნის ფიზიკურ ძალადობას — ევროპარლამენტის ანგარიში

5 აპრილი, 2022 •
“ოცნება“ მტრულ გარემოს უქმნის მედიას და გზას უხსნის ფიზიკურ ძალადობას — ევროპარლამენტის ანგარიში

„მმართველი უმრავლესობის სიტყვიერი შეტევები მტრულ გარემოს ქმნის ქართული მედიისთვის და გზას უხსნის ფიზიკურ ძალადობას“, — ნათქვამია საქართველო-ევროკავშრის ასოცირების შეთანხმების განხორციელების განახლებულ შეფასებაში, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) მოთხოვნით ევროპარლამენტის კვლევის სამსახურმა (EPRS) მოამზადა.

დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის შემდეგ საქართველოში ქართული მედიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა — მიუხედავად იმისა, რომ მედიაგარემო პლურალისტურია, მედიის პოლარიზაცია გაიზარდა პოლიტიკური კრიზისის პარალელურად.

„სამუშაო გარემო, რომელშიც ჟურნალისტები მუშაობენ საქართველოში, უფრო რთული გახდა მედიის მუშაობაში პოლიტიკური ჩარევის, ასევე, ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების გამო“, — ნათქვამია ანგარიშში.

მაგალითად მოყვანილია, რომ მედიაზე ძალადობამ დრამატული სახე მიიღო 2021 წლის 5-6 ივლისს, როდესაც რადიკალური და ჰომოფობიური ჯგუფები თავს დაესხნენ მედიის 53 წარმომადგენელს და ტელეკომპანია „პირვერლის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ცემის შემდეგ გარდაიცვალა.

„ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ინფორმაციით, ფართომასშტაბიან ძალადობაში გადაქცევას ხელი შეუწყო ხელისუფლებამ, რომელმაც არ მიიღო უსაფრთხოების შესაბამისი ზომები, მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოების არაერთგზის მოწოდებისა. მუქარა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა ჟურნალისტებში შიშს იწვევს. მთლიანობაში, მედიის თავისუფლება არსებითად დაზიანდა“, — ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, მმართველი უმრავლესობა სულ უფრო მეტად აკრიტიკებს მედიებს. „ქართული ოცნების“ წევრები, ისევე როგორც სამთავრობო უწყებები, ცდილობდნენ ოპოზიციური მედიასაშუალებების დისკრედიტაციას, მათი დეზინფორმაციის წყაროდ წარმოჩენით.

ამ კონტექსტში აღნიშნულია, რომ 2020 წლის ივლისში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და მედიაორგანიზაციებმა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია დაადანაშაულეს „მედიაკრიტიკის“ პლატფორმის გამოყენებაში დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმისთვის მას შემდეგ, რაც პლატფორმამ რამდენიმე ხარისხიანი მედია „ყალბი ამბების წყაროდ“ წარმოადგინა.

ანგარიშში, ასევე, მოხვდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის კამპანია „დესტრუქციული ოპოზიციის და მათი ტელევიზიების ყალბი ამბების წინააღმდეგ”. ერთი წლის შემდეგ, უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კამპანიის ფარგლებში გაკეთებული კალაძის განცხადებები კი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დემოკრატიისთვის საფრთხედ მიიჩნია.

ანგარიშში, ასევე, ნათქვამია, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაქვემდებარებულმა „ინფორმაციის დაცულობის ცენტრმა” სამი წამყვანი ონლაინ მედიასაშუალება — ნეტგაზეთი, პუბლიკა და On.Ge — არასწორად დაადანაშაულა ცესკოს დისკრედიტაციის მცდელობასა და დეზინფორმაციის გავრცელებაში.

„მათი რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანის გამო სამივე გამოცემის მიერ გამოთქმული პროტესტის შემდეგ, ცესკომ აღიარა „ტექნიკური შეცდომა“, ასევე, „მონიტორინგის ხარვეზი“, თუმცა დაუყოვნებლივ არ გამოასწორა შეცდომები“, — ნათქვამია დოკუმენტში.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ „ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან“ არსებულმა „ინფორმაციის დაცულობის ცენტრმა” გამოაქვეყნა მათ მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის ანგარიში, სადაც ქართული მედიის დიდი ნაწილი დეზინფორმაციის, დისკრედიტაციის, დისკრიმინაციის, სიძულვილის ენის და ა.შ. გავრცელებაში იყო დადანაშაულებული. ანგარიშში „პუბლიკას“, ონ.ჯის და „ნეტგაზეთს“ ცესკო ედავებოდა დეზინფორმაციის გავრცელებასა და დისკრედიტაციას.

მოგვიანებით ცესკომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ნეტგაზეთთან დაკავშირებით ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა”, ხოლო “რაც შეეხება გამოცემებს, „პუბლიკა“ და „ონ.ჯი“, მათთან მიმართებაში […] წარმოადგენდა მონიტორინგის ხარვეზს და, შესაბამისად, აღმოიფხვრა”.

“პუბლიკის”, On.ge-ს და ნეტგაზეთის ერთობლივი განცხადება

მასალების გადაბეჭდვის წესი