თბილისში, რუსთაველზე, 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეებმა უკრაინაში ომის დროს დაღუპული ადამიანების ხსოვნისთვის პატივის მისაგებად სანთლები და ყვავილები მიიტანეს.
“სახელმწიფო არ აცხადებს გლოვის დღეს, და არ ვიცი, ალბათ, ამასაც რუსეთის გაღიზიანებას ეძახის… მგონია, რომ დღეს უნდა იყოს გლოვის დღე. მგონია, რომ ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი, ეს მთელი ცივილიზებული სამყაროს ომია და გვინდა ეს ტკივილი რაღაცნაირად მაინც გავიზიაროთ”, – თქვა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნანკა კალატოზიშვილმა ტელეკომპანია “პირველთან”.
ასევე, ღონისძიების მსვლელობისას, ერთ-ერთმა აქტივისტმა პარლამენტთან სცადა სტიკერის “რუსეთი ოკუპანტია” გაკვრა, თუმცა პოლიციამ ამის შესაძლებლობა არ მისცა.
კიევის ოლქში მდებარე ქალაქ ბუჩაში სამოქალაქო პირების მკვლელობების ფაქტი მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა დაგმო და დაადანაშაულა რუსეთი ომის დანაშაულების ჩადენაში. ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ცოტა ხანში რუსეთს ახალი სანქციები დაუწესდება, ხოლო უკარაინა შეიარაღებას მიიღებს.
მომხდარს გამოეხმაურა მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუც. მანაც მომხდარი ხოცვა-ჟლეტად შეაფასა და განაცხადა, რომ მოლდოვა მკაცრად გმობს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, ისევე როგორც უკანონო და უსაფუძვლო რუსეთის ომს უკრაინის წინაარმდეგ. სანდუმ 4 აპრილი მოლდოვაში გლოვის დღედ გამოაცხადა.
