ახალი ამბები

ლიეტუვა რუსეთის ელჩს ქვეყანას ატოვებინებს

4 აპრილი, 2022 • 1094
ლიეტუვა რუსეთის ელჩს ქვეყანას ატოვებინებს

ლიეტუვა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონეს აქვეითებს და რუსეთის ელჩს ქვეყანას ატოვებინებს. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა დღეს, 4 აპრილს, განაცხადა.

მისივე თქმით, ქალაქ კლაიპედაში რუსეთის საკონსულო დაიხურება და ლიეტუვის ამჟამინდელი ელჩი მოსკოვში დაბრუნდება.

ლანდსბერგისის თქმით, ესაა პასუხი რუსეთის სამხედრო აგრესიასა და მისი შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სისასტიკ დანაშაულებზე უკრაინის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ბუჩაში მომხდარ შემზარავ ხოცვა-ჟლეტაზე.

გარდა ამისა, ლანდსბერგისის განცხადებით, უკრაინაში ლიეტუვის ელჩი კიევში დაბრუნდება.


კიევთან ახლოს მდებარე ბუჩაში შესულმა ჟურნალისტებმა ქუჩებში არაერთ ადამინის გვამი აღმოაჩინეს, რომელთაც სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ – იუწყება BBC. AFP-ის რეპორტიორმა მინიმუმ 20 ასეთი გვამი დაითვალა. მათგან მინიმუმ ერთს ხელები ჰქონდა შეკრული. ბუჩაში უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი ცოტა ხნის წინ დაიბრუნეს, მას შემდეგ, რაც რუსმა ჯარისკაცებმა კიევის ოლქი დატოვეს. მანამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს ქალაქი რუსი სამხედროების ხელში იყო. ქალაქის მერმა ანატოლი ფედორუკმა AFP-ს უთხრა, რომ 20-ივე მათგანს ტყვია უკნიდან აქვს მოხვედრილი.

უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, კიევის მიმდებარე ქალაქებში 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი