„ქართული ოცნების“ თავმდჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა უკრაინისთვის სასტარტო შეთავაზება იყო, რაზეც უკვე უარის თქმა მოუწია. ამის შესახებ მან დღეს, 4 აპრილს, ჟურნალისტებს განუცხადა.
„ძალიან რთულია ის მდგომარეობა, რომელშიც დღეს სახელმწიფოა. ყველა თვალსაზრისით ზიანი არის ძალიან მძიმე და ამ ქვეყანას უკვე მოუწია უარის თქმა ნატო-ზე, რაც იყო მისი მხრიდან სასტარტო შეთავაზება. წარმოიდგინეთ, სასტარტო შეთავაზება რუსეთის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს არის უმძიმესი მდოგომარეობა. ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა კობახიძემ.
დამაზუსტებელ კითხვაზე, რას გულისხმობს იმაში, რომ უკრაინა არ დათანხმდა სასტარტო შეთავაზებას და თუ იმავე შათავაზებას წამოაყენებს რუსეთი საქართველოს მისამართით, უნდა გადაუხვიოს ქვეყანამ დასავლურ კურსს თუ არა, კობახიძემ უპასუხა:
„ეს, სამწუხაროდ, არ იყო რუსეთის სასტარტო შეთავაზება, ანუ ნატო-ზე უარი იყო უკრაინის სასტარტო შეთავაზება, რაც არის განსაკუთრებით სამწუხარო და რაც კიდევ უფრო ამძიმებს იმ სურათს, რაც სინამდვილეში შექმნილია.
უკრაინამ შესთავაზა სასტარტო პირობები მოლაპარაკებისთვის რუსეთის ფედერაციას, დღემდე რუსეთისგან არ მიუღია პასუხი. უკრაინა იყო ნატო-ზე უარის და ნეიტრალიტეტის ინიციატორი. მადლობა ღმერთს, ჩვენ არ ვართ დღეს ამ მდგომარეობაში. შესაბამისად, ჩვენთვის საერთოდ არ არის რელევანტური ამ თემაზე მსჯელობა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ არც მომავალში გახდება ეს საკითხი რელევანტური. ჩვენ გვაქვს მკაფიო ორიენტირები პოლიტიკაში და მკაფიო ამოცანა. პირველი რიგის ამოცანა არის ის, რომ ქვეყანას თავიდან ავარიდოთ ომი და ის მდგომარეობა, რომელშიც დღეს ჩვენი მეგობარი ქვეყანაა ჩავარდნილი“, – განაცხადა კობახიძემ.
29 მარტს თურქეთში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა. სადაც რუსეთსა და უკრაინას შორის 3 ძირითად საკითხზე უკრაინის პოზიციები ოფიციალურად გამოიკვეთა.
უკრაინა მზადაა:
- გახდეს ნეიტრალური ქვეყანა, თუ მას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემენ აშშ, UK და სხვა პარტნიორები, თუმცა ეს საკითხი უკრაინაში მაინც რეფერენდუმის გზით გადაწყდება.
- უკრაინა რუსულ მხარეს სთავაზობს ყირიმის და სევასტოპოლის სტატუსზე 15-წლიან ორმხრივ მოლაპარაკებებს. ამასთან, შეთანხმების ფარგლებში უკრაინამ და რუსეთმა უნდა დადონ პირობა, რომ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას საკითხის გადასაწყვეტად სამხედრო ძალას არ გამოიყენებენ.
- ლუგანსკსა და დონეცკზე უკრაინას პოზიცია არ დაუფიქსირებია. მათი შეთავაზებაა, რომ ეს საკითხი პუტინისა და ზელენსკის მოლაპარაკებებზე გადაწყდეს.
უკრაინელი პარლამენტარი და პრეზიდენტის წარმომადგენელი რუსეთთან მოლაპარაკებებეში დავით არახამია აცხადებს, რომ მოსკოვი ვერბალურად დათანხმდა კიევის შეთავაზებებს ნეიტრალურ სტატუსსა და რეფერენდუმთან დაკავშირებულ პოზიციას. არახამიას თქმით, მოსკოვისგან მიიღეს ზეპირი პასუხი, რომ ყირიმზე შეთავაზების გარდა, სხვა პოზიციებს ეთანხმებიან.






