აფხაზური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, რუსეთის მხარდასაჭერად დონბასში აფხაზეთიდან წასული მებრძოლი, ოჩამჩირის რაიონის მკვიდრი, 36 წლის ახრა კირკინაძე 31 მარტს, აფეთქების დროს დაიღუპა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედიაგამოცემა სპუტნიკ-აფხაზია სოფლის ხელმძღვანელ ვახტანგ კვარაცხელიაზე დაყრნობით ავრცელებს.
“რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მასთან ერთად დაიღუპნენ რუსი და ოსი ჯარისკაცები. ასევე, დონეცკში იმყოფება მისი ახლო ნათესავი, რომელიც მძიმედ დაშავდა”, – განუცხადა კვარაცხელიამ სპუტნიკ-აფხაზიას.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება. ომის გამო უკრაინა დღემდე რამდენიმე მილიონმა მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთმა ამ დრომდე 2000 ათასი სამხედრო გაგზავნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებიდან უკრაინაში. უკრაინული მხარის ცნობითვე, უკრაინაში საბრძოლველად გაემგზავრა 1200 [მათ შორის ოსი და რუსი] სამხრეთ ოსეთის მე-4 ბაზიდან, ხოლო აფხაზეთის მე-7 ბაზიდან- 800-მდე სამხედრო.







