საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შიდა ქართლში „ბორდერიზაცია“ სწორედ ცხინვალის ანექსიის საკითხის მომზადებას ემსახურებოდა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას არ იმჩნევდა, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება დღის წესრიგში მაინც დადგა.
„ხდება ზუსტად ის, რაზეც ბოლო 1 წლის განმავლობაში ყველას ვაფრთხილებდი. მთელი ეს „ბორდერიზაცია“, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ იმჩნევდა, ცხინვალის ანექსიის საკითხის მომზადებას ემსახურებოდა. ამათ ეგონათ, რომ თუ ჩაწვებოდნენ, რუსეთი ამას არ გააკეთებდა. ბიბილოვმა ერთი გამოსვლით მრავალწლიანი პროპაგანდა წყალში ჩაუყარა.
შესაბამისად, დავრჩით პრაქტიკულად მოკავშირეების გარეშე, გამარგინალებული ამ დიდი საფრთხის წინაშე. იქნებ, ახლა მაინც მოეგონ გონს და გადადგან ნაბიჯები ერთიანობისა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მუშაობისკენ“, — აცხადებს სააკაშვილი.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი 10 აპრილის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე ადგილობრივ მოსახლეობას უახლოეს დროში რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ჰპირდება. მსგავსი განცხადებები მას აქამდეც არაერთხელ გაუკეთებია.
“ოსი ხალხის მთავარი ისტორიული და სტრატეგიული მიზანია რუსეთის ფედერაციაში ორი ოსი ხალხის გაერთიანება. ამის შესაძლებლობა 2014 წელს გვქონდა, როდესაც მშობლიურ სავანეს ყირიმი დაუბრუნდა. მაშინ ჩვენი შანსი ხელიდან გავუშვით, თუმცა ახლა ამას არ დავუშვებთ.
უახლოეს დროში შესაბამისი იურიდიული ნაბიჯები იქნება ჩვენ მიერ გადადგმული. რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი დაუბრუნდება საკუთარ ისტორიულ სამშობლოს – რუსეთს”, – ნათქვამია ბიბილოვის განცხადებაში, რომელიც დღეს, 30 მარტს მისმა პრეს-სამსახურმა გაავრცელა.
სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.








