ახალი ამბები

პენტაგონი: რუსეთს დეესკალაცია რომ სურდეს, კიევიდან ჯარებს დისლოკაციის ადგილას დააბრუნებდა

31 მარტი, 2022 •
პენტაგონი: რუსეთს დეესკალაცია რომ სურდეს, კიევიდან ჯარებს დისლოკაციის ადგილას დააბრუნებდა

პენტაგონის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთმა კიევის მიმართულებაზე განთავსებული ძალების 20%-ზე ნაკლები გადააჯგუფა. აშშ-ის განცხადებით, მათი ნაწილი ბელარუსის ტერიტორიაზე დაბრუნდა, თუმცა, რამდენ ჯარისკაცზეა საუბარი, ამ დროისთვის პენტაგონში არ აკონკრეტებენ.

აშშ-ის თქმით, არცერთი მათგანი დაბრუნებულა საკუთარ გარნიზონში. პენტაგონის განცხადებით, თუ რუსებს მართლაც სურდათ დეესკალაცია, მათი ჯარისკაცები საკუთარ დისლოკაციის ადგილებს უნდა დაბრუნებულიყვნენ, რაც არ ხდება. შესაბამისად, აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ჯარების მცირე ნაწილის გაყვანის მიზეზი არა დეესკალაცია, არამედ გადაჯგუფება, მომარაგება და კვლავ უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნებაა.

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ, რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა ალექსანდრე ფომინმა განაცხადა, რომ ორმხრივი ნდობის, შემდგომი მოლაპარაკებების გაგრძელებისა და საბოლოო შეთანხმების მიღწევის მიზნით, მიღებულია გადაწყვეტილება სამხედრო აქტივობებს კარდინალური ზომებით შემცირებაზე კიევის და ჩერნიგოვის მიმართულებებით.

მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათი ჯარების მანევრები კიევისა და ჩერნიგოვის რაიონებში არა უკანდახევა, არამედ არის „გეგმური გადაჯგუფება“.

როგორც რუსული მხარე აღნიშნავს, კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებიდან ჯარების „გეგმური გადაჯგუფების“ მიზანი საბრძოლო მოქმედების პრიორიტეტული მიმართულებებით გააქტიურებაა.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, „გეგმური გადაჯგუფება“ პირველ რიგში ხდება „დონბასის სრული განთავისუფლების ოპერაციის დასასრულებლად“.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს უკრაინის ქალაქებს, რის შედეგადაც დაღუპულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, სულ მცირე, 150 ბავშვი. 10 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი, მათგან 3.9-მა მილიონმა ქვეყანა დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი