გაერთიანებული სამეფო მზად არის, შეიტანოს წვლილი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდებაში, თუ კიევისგან შესაბამისი მიმართვა იქნება.
ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროსთან, ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა.
„ჩვენ მოხარული ვიქნებით, შევიტანოთ ჩვენი წვლილი [უსაფრთხოების გარანტიებში], თუ უკრაინის მთავრობა ამას გვთხოვს. რამდენადაც ვიცი, ამ დრომდე ოფიციალური მოთხოვნა არ ყოფილა“, — თქვა მან.
ვუდვორდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლონდონი უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თითქმის ყოველდღე ესაუბრება.
BBC-ის ცნობით, მსგავსი პოზიცია გამოთქვა ბორის ჯონსონის პრესმდივანმაც. მან არ გამორიცხა, რომ ბრიტანეთი, თურქეთთან და აშშ-თან ერთად, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი, თუ კიევი ნეიტრალურ სტატუსს დასთანხმდება.
კიევი მზადაა, რეფერენდუმის შედეგად გამოაცხადოს უბლოკო სტატუსი, თუ ექნება რეალური უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს ნატოს მე-5 პუნქტის მსგავსი, მათ შორის, თუ ქვეყანა აგრესიის ობიექტი გახდება, კონსულტაციების დაწყებიდან სამი დღის შემდეგ გარანტორმა ქვეყნებმა უკრაინა უნდა მოამარაგონ შეიარაღებით, გაუწიონ სამხედრო დახმარება და დაკეტონ ცა.
