პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ინიციატივის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა განესაზღვროს ვადა გადაწყვეტილების მიღებისთვის.
ინიციატივა გულისხმობს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონკრეტული ვადის დაწესებას, რა დროშიც მან არა მხოლოდ უნდა განიხილოს საქმე, არამედ უნდა გადაწყვიტოს კიდეც.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია “ლელოს” საპარლამენტო გუნდის წევრი თორნიკე ართქმელაძე. ინიციატივა ბრიფინგზე დავით უსუფაშვილმა წარადგინა.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის დღევანდელი რედაქციით, სასამართლოსთვის დადგენილია მხოლოდ საქმის განხილვის და არა გადაწყვეტის გამოტანის ვადა.
სამწუხაროდ, არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო წლების განმავლობაში არ აცხადებს გადაწყვეტილებას.
ასეთი გახმაურებული საქმეა, მაგალითად: ე.წ. “კაბელების საქმე”, ე.წ. “მოსმენების საქმე” და პანდემიის მართვასთან და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საქმე.
როგორც წესი, ეს ხდება პოლიტიკურად მნიშვნელოვან საქმეებზე, ან ისეთ საქმეებზე, რომლებზეც მთავრობას აქვს ინტერესი.
ჩვენი კანონპროექტი ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონკრეტული ვადის დაწესებას, რა დროშიც მან არა მხოლოდ უნდა განიხილოს საქმე, არამედ უნდა გადაწყვიტოს ის“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.








