ახალი ამბები

რუსეთში IT სპეციალისტებს სამხედრო სამსახურიდან ათავისუფლებენ

29 მარტი, 2022 •
რუსეთში IT სპეციალისტებს სამხედრო სამსახურიდან ათავისუფლებენ

რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, IT კომპანიების უმაღლესი განათლების მქონე თანამშრომლები და გარკვეული სპეციალობის სტუდენტები სამხედრო სამსახურიდან თავისუფლდებიან.

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა.

„საუბარია 27 წლამდე ახალგაზრდებზე, რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება და მუშაობენ IT კომპანიებში მინიმუმ ერთი წელი. გარდა ამისა, წესები ვრცელდება ერთ წელზე ნაკლები გამოცდილების მქონე სპეციალისტებზეც, რომელთაც უნივერსიტეტი დაამთავრეს დასაქმებამდე ერთი წლით ადრე“, – იუწყება მთავრობის პრესსამსახური.

ასევე, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება შეუძლიათ 60-ზე მეტი მიმართულების სტუდენტს, მათ შორის: მათემატიკის, გამოყენებითი კომპიუტერული მეცნიერების, კარტოგრაფიის და გეოინფორმატიკის, რადიოინჟინერიის და სხვა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემეგ განუწყვეტლივ ბომბავს უკრაინის ქალაქებს, რის შედეგადაც დაღუპულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, სულ მცირე, 150 ბავშვი. 10 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი, მათგან 3.9-მა მილიონმა ქვეყანა დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი