ახალი ამბები

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა უკრაინაში მიემგზავრება

29 მარტი, 2022 • 2620
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა უკრაინაში მიემგზავრება

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა უკრაინაში, ქალაქ იავოროვში მიემგზავრება. ამის შესახებ განცხადება მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეომიმართვაში დღეს, 29 მარტს გააკეთა.

ხარჩილავას თქმით, უკრაინაში მიაქვს ჰუმანიტარული დახმარება და დაგეგმილი აქვს, რომ ხელი მოაწეროს ქალაქ იავოროვისა და წალენჯიხის დამეგობრების მემორანდუმს:

“მივდივარ უკრაინის ქალაქ იავოროვში, რომელთანაც ომის პერიოდში შედგა დამეგობრება. ეს ისტორიული დამეგობრებაა და მიმაქვს ჩემი მოსახლეობის განწყობები და სავსე ხელები – ეს არის ჰუმანიტარული ტვირთი, სოლიდარობის და განვითარების ფონდის, თქვენ მიერ გაღებული თანხებით შეძენილი ინფრასტრუქტურული საკითხის მოგვარებისთვის საჭირო, ფრონტისპირა ქალაქის ჰოსპიტალური სექტორის დასახმარებლად – დიზელ-გენერატორი, და ამასთან, მიმაქვს ერთობლივი ბრძოლის, თანადგომის და საუკუნოვანი მეგობრობის განწყობები.

ქალაქ იავოროვში ხელი მოეწერება ორ ქალაქს შორის დამეგობრების მემორანდუმს და ეს იქნება გრძელვადიანი, ისტორიული დამეგობრება, რომელიც ომის პირობებში მხარდაჭერით, მშვიდობის პერიოდში კი აღმშენებლობაში თანადგომით”, – ამბობს გია ხარჩილავა.

გია ხარჩილავა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრია. ის არის ერთადერთი ოპოზიცონერი მერი, რომელმაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი