ახალი ამბები

დელფინები სასიკვდილო ბადეში

8 აგვისტო, 2011 • 2672
დელფინები სასიკვდილო ბადეში

ბათუმში, “რივიერას” ტერიტორიასთან ახლოს, მეთევზეებმა ორი მკვდარი დელფინი იპოვეს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, დელფინების სიკვდილის მიზეზი თევზსაჭერი ბადე გახდა. წითელ ნუსხაში შეტანილი დელფინების სიკვდილის 20 პროცენტი სწორედ ბადის მიერ გამოწვეული დაზიანებების შედეგია.

                                                                   

მეზღვაურებმა პირველ რიგში შავი ზღვის მონიტორინგის ცენტრის თანამშრომლებს მიმართეს. არჩილ გუჩმანიძე ამ ორგანიზაციის მეცნიერ თანამშრომელია: „ერთი დელფინის სიგრძე 143 სანტიმეტრია, მეორესი – 93. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობთ ამ მიმართულებით. მონაკოს პრინცის დაფინანსებით არსებობს პროგრამა, რომელიც დელფინების გამორიყვის მონიტორინგს სწავლობს. წელიწადში 80-100 დელფინს რიყავს შავი ზღვა ქართულ მონაკვეთზე. მათი უმრავლესობა ვირუსითაა დაავადებული.

დელფინების დაავადების პერიოდი მარტში იწყება და სექტემბრამდე გრძელდება, მაგრამ დელფინების სიკვდილიანობის მიზეზი 100-დან 20 შემთხვევაში სწორედ ჯანმრთელი დელფინის ბადეში მოყოლაა“.

მომხდარის შესახებ მონიტორინგის გუნდმა, სათანადო მსვლელობის მისაცემად, შეტყობინება მიაწოდა როგორც შავი ზღვის დაცვის კონვენციურ ინსპექციას, სანაპიროს დაცვის სამსახურს, გარემოს დაცვის ინსპექციას, ასევე გარემოს დაცვის სამმართველოს.

არჩილ გუჩმანიძის თქმით, დელფინი საერთაშორისო კონვენციებით „განსაკუთრებული დაცვის ობიექტია“. თუმცა ყოველი ასეთი ფაქტის შესახებ ინფორმაციის სათანადო ორგანიზაციებისთვის მიწოდების შემდეგაც კი შედეგი არ დამდგარა, ანუ პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ. თუმცა მეცნიერი იმასაც ამბობს, რომ ძნელი დასადგენია, რომელ ბადეში და როგორ მოხვდა დელფინი.

გუჩმანიძის თქმით, სანდასუფთავების თანამშრომლებმა დელფინების გვამები ნაგავსაყრელზე გადაიტანეს. ამ შემთხვევაშიც დელფინების დამარხვის  პროცედურა ირღვევა: „ბათუმში არ არსებობს ე.წ. ბეიკერის ორმოები, სადაც ეს დელფინები დაიმარხება. იქ ქლორი უნდა მოიყაროს და გაიწმინდოს სპეციალური ხსნარებით. ჩვენს შემთხვევაში დელფინებს პირდაპირ ნაგავსაყრელზე ყრიან, სადაც ვირთხები და ძაღლები ჭამენ მათ. ეს დაავადების გავრცელების კიდევ ერთი კერა შეიძლება გახდეს“.

მეცნიერი ამბობს, რომ მათ პროგრამის ფარგლებში საშუალება აქვთ უფასოდ მოამზადონ სპეციალისტები, რომლებიც მკვდარ დელფინების გადაიტანენ და დამარხავენ. იმის გამო, რომ დელფინი თბილსისხლიანი ძუძუმწოვარია, თუ სიკვდილის მიზეზი დაავადებაა, მაშინ მასთან ადამიანის შეხება საშიშიც არის, შესაძლებელია დაავადება გადამდები აღმოჩნდეს. ამიტომაც არჩილ გუჩმანიძე სპეციალისტების მომზადებისთვის ადამიანური რესურსის გამოყოფას ხელისუფლებისგან ითხოვს. თუმცა, მისი თქმით, მთავრობა დღემდე არ გამოხმაურებია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი