ახალი ამბები

ათასჯერ ვთქვი, რომ არ ვგეგმავთ უკრაინაში ბრძოლას – ლუკაშენკო

25 მარტი, 2022 • 2449
ათასჯერ ვთქვი, რომ არ ვგეგმავთ უკრაინაში ბრძოლას – ლუკაშენკო

რუსული სამთავრობო მედიის, ТАСС-ის ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ბელარუსს არ აქვს უკრაინაში ბრძოლის გეგმები და ბელარუსებისთვის ომი „გენეტიკურ დონეზეა მიუღებელი“.

„უკვე ათასჯერ ვთქვი, რომ ჩვენ არ ვგეგმავთ უკრაინაში ბრძოლას. თუმცა თემა აქტუალურია. ბელორუსელებისთვის გენეტიკურ დონეზეა ომი მიუღებელი. და მათ ამაზე დაიწყეს პედალირება. ჩვენ ამას ლამაზად უნდა ვუპასუხოთ“.

ლუკაშენკოს განცხადებით, გონივრული იყო, რომ „საბჭოთა პერიოდში მხოლოდ პროპაგანდაზე კი არ ლაპარაკობდნენ, არამედ კონტრპროპაგანდაზეც. ამას მშვიდად უნდა გაეცეს პასუხი, ოღონდ თავის მართლების რეჟიმში არ უნდა გადახვიდე“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ გააკრიტიკა ქვეყნის გარეთ მყოფი ოპოზიციონერები, – რომლებიც იძულებულნი გახდნენ, ლუკაშენკოს რეჟიმისგან გაქცეულიყვნენ, – და განაცხადა, რომ ისინი „ფსიქოლოგიურად ახდენენ ზეგავლენას ადამიანებზე და ამტკიცებენ, რომ ბელორუსის სამხედროები მონაწილეობას მიიღებენ საომარ მოქმედებებში“.

ლუკაშენკოს თქმით, „ოპოზიციონერები თავად ქმნიან მოხალისეთა რაზმებს უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად“.

„ჩვენ ომში მხოლოდ ერთი გზით შეიძლება ჩაგვითრიონ: თუ აგრესია დაიწყება ჩვენ წინააღმდეგ, თუ დაიწყებენ ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლას. ამიტომ, მე ყურადღებით ვარ”, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.


ლუკაშენკომ 15 მარტს განაცხადა, რომ ბელარუსი არ აპირებს ჩაერთოს „ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი ახორციელებს უკრაინაში“, თუმცა მის ჩათრევას ცდილობენ.

„საბრძოლო პერსპექტივიდან ვამბობ, – არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. აბა, იფიქრეთ, რა შეიძლება იქ შევმატოთ რუსეთს“? – განაცხადა ლუკაშენკომ.

„ჩვენ შეიძლება რუსეთს რაიმე იარაღი შევმატოთ? ჩვენ თავად ვყიდულობთ [იარაღს] რუსეთის ფედერაციისგან. მათ ეს ყველაფერი აქვთ, და უკეთესიც კი. ამიტომ, ჩვენ იქ არაფერი გვესაქმება და არც გვეძახიან“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

თუმცა ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსის „უმნიშვნელოვანესი ამოცანა“ შემდეგში მდგომარეობს: „გავაფრთხილოთ [რუსეთი] ზურგიდან შესაძლო თავდასხმაზე“.


რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ბელარუსის საზღვრიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი