ახალი ამბები

პარლამენტი დაჩქარებულად განიხილავს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ცვლილებებს

25 მარტი, 2022 • 1488
პარლამენტი დაჩქარებულად განიხილავს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ცვლილებებს

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას.

გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ დღეს, 25 მარტს, მიიღო.

კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო ორგანოს შეეძლება კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მეორე ორგანოს წინააღმდეგ მის მიერ გამოცემული არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ ასევე მოქმედების/უმოქმედობის საფუძველზეც, თუკი მიიჩნევს, რომ ამ ორგანომ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.

ოპოზიციის ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ.

ვინაიდან კანონპროექტის ინიცირება მოჰყვა „ქართული ოცნების“ მიერ რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც პარტია საუბრობდა სახელმწიფოს მეთაურის მოქმედებების/უმოქმედობის საპასუხოდ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვაზე. თუმცა ამ ინიციატივის შესახებ განცხადებაში საუბარი არ ყოფილა და ბუნდოვანი იყო, რის საფუძველზე იგეგმებოდა პრეზიდენტის წინააღმდეგ დავის წამოწყება. მმართველი პარტიის წარმომადგენლები იქვე ირწმუნებოდნენ, რომ პრეზიდენტისთვის ჩივილს არ აპირებდნენ.

თავის მხრივ, ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადება უკავშირდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, უკრაინის საკითხებზე რიგგარეშე სხდომის მოწვევას, 5 მარტს ყოველწლიური მოხსენებით წარდგენის მოთხოვნას, და ,რაც მთავარია, ხელისუფლების საპირისპირო პოზიციონირებას ევროინტეგრაციისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხებზე.

საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი ინიცირებული კანონპროექტის მიღებას და არ დაუშვას კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგება. ორგანიზაცია აგრეთვე მიმართავს მმართველ პარტიას, შეწყვიტოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მექანიზმის თვითნებური, ვიწროპოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე გამოყენება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ პირად ანგარიშსწორებას ემსახურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი