ახალი ამბები

სამეურვეო საბჭოს ახალი კანდიდატურა

8 აგვისტო, 2011 • 965
სამეურვეო საბჭოს ახალი კანდიდატურა

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ “სამოქალაქო განვითარებისთვის”, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი კანდიდატურა, ია მამალაძე წარადგინა.

ია მამალაძეს, რომელიც საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე და გაზეთ “გურია ნიუსის” გამომცემელია, მხარს 50 მდე არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიის წარმომადგენლები უჭერენ. მათ შორის არიან “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველო” და ა.შ. აგრეთვე ჟურნალისტები ელისო ჩაფიძე, ნანა ლეჟავა, ალექსანდრე ელისაშვილი და ა.შ.

“იგი არის ძალიან დაუღალავი, მიუკერძოებელი პიროვნება და მას საკმაოდ დიდი ავტორიტეტი და გავლენა აქვს როგორც სამოქალაქო საზოგადოებაზე, ასევე მედიასივრცეში . . . რეგიონულ მედიას უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდებოდა და ჩავთვალეთ, რომ ეს არის კანდიდატურა, რომელიც, ყოველთვის იბრძვის მისი განვითარებისთვის. იბრძვის და იცავს რეგიონული მედიის ჟურნალისტთა უფლებებს.” – აცხადებს კოალიციის თავმჯდომარე, ირინა ფუტკარაძე. მისი თქმით ია მამალაძის კანდიდატურაზე დიდი მხარდაჭერა განაპირობა აგრეთვე იმ ფაქტორმა, რომ მას საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სერიოზული გამოცდილება აქვს.

შეგახსენებთ, რომ ია მამალაძე გაზეთებისა და ახალი ამბების მსოფლიო ორგანიზაციის და IREX ევროპის პარტნიორი და კონტრაქტორია. 

პრესონფერენციაზე ია მამალაძემ საკუთარი პრიორიტეტები გააცნო საზოგადოებას. მისი თქმით, სამეურვეო საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში,  დიდ ყურადღებას მიაქცევს რეგიონული სიახლეების გაშუქებას.

“თუკი ავიღებთ მაუწყებლის ერთი კვირის საინფორმაციო გამოშვებას, ვნახავთ, რომ იქ რეგიონული ამბები არის წარმოდგენილი ძალიან ზედაპირულად ან თითქმის არ არის”, -ამბობს ია მამალაძე და ამასთან დასძენს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მთელი ქვეყნის საკუთრებაა და ნებისმიერმა მოქალაქემ, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს იგი, თავი უნდა იგრძნოს ამ მედიასივრცის ნაწილად.

“ამ ორგანიზაციებმა იციან, რომ ადგილებზე არის კარგი ჟურნალისტური კორპუსი. მე შევეცდები, რომ ეს ქსელი გამოყენებული იქნეს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდეს ყველასი”.

ამჟამად სამეურვეო საბჭოში ორი წევრის ადგილია თავისუფალი. ერთ-ერთი ზურაბ ხარატიშვილის, რომელიც ამჟამად ცენტრალური საარჩევო კომისიის თავმჯდომარეა. მეორე მამუკა ფაჩუაშვილის, რომელსაც როტაციის პრინციპით ვადა გასდის. კანდიდატურაზე განაცხადის შეტანის ვადა კი მიმდინარე წლის 2 აპრილს იწურება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი