„ეხო მასკვის“ ყოფილ მთავარ რედაქტორს, ალექსეი ვენედიკოვს სახლის კართან ღორის თავი დაუტოვეს, ხოლო კარზე- უკრაინის გერბი ანტისემიტური წარწერით. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ვენედიკოვმა გაავრცელა საკუთარ ტელეგრამ არხზე.

ფოტო ვენედიკოვის ტელეგრამ არხიდან
ვენედიკოვმა ტელეგრამზე ასევე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს მიტანის ერთ-ერთი სერვისის, Delivery Club-ის ფორმაში ჩაცმული პირი, რომელიც კართან დატოვებულ ღორის თავს ფოტოს უღებს.
„ნოვაია გაზეტას“ ინფორმაციით, კომპანიაში განაცხადეს, რომ სურათზე მყოფ მამაკაცს მოძველებული ფორმა აცვია, რომელსაც კომპანია უკვე ორი წელია აღარ გასცემს. ამასთან, კომპანიის განცხადების თანახმად, ვენედიკოვის სახლში შეკვეთა არ მიუღიათ.

ფოტო ვენედიკოვის ტელეგრამ არხიდან
“ნოვაია გაზეტას” თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მარტის დასაწყისში ვენედიკოვმა განაცხადა, რომ მან და მისმა ოჯახმა მუქარის შემცველი ასზე მეტი შეტყობინება მიიღეს.
„მათ ჩემი და ჩემი ოჯახის შეშინება გადაწყვიტეს? ჩემი, რომელიც დუდაევის ბოევიკებმა წამიყვანეს დასახვრეტად?“, — დაწერა ვენედიკოვმა მის კართან დატოვებული ღორის თავის ფოტოს აღწერაში.
“ეხო მასკვი” უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაიკეტა. ეს გადაწყვეტილება კომპანია „გაზპრომ-მედიამ“ (მის შემადგენლობაში შედის რადიოსადგური „ეხო მასკვი“) მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოცემა „განზრახ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის მიერ წარმოებული სპეციალური ოპერაციის შესახებ, რომელიც დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების დაცვას ისახავს მიზნად“.
უწყების ამ განცხადების შემდეგ დაბლოკეს როგორც „ეხო მასკვის“, ასევე, ოპოზიციური ტელეარხ„დოჟდის“ საიტები.