ახალი ამბები

“შეაჩერეთ პუტინი, შეაჩერეთ ომი!” – აქცია თბილისში

25 მარტი, 2022 •
“შეაჩერეთ პუტინი, შეაჩერეთ ომი!” – აქცია თბილისში

24 მარტს თბილისში მორიგი აქცია გაიმართა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პოლიტიკისა და მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გასაპროტესტებლად. დემონსტრაცია ომის დაწყებიდან 1 თვის თავზე, სოციალური ქსელით დაიგეგმა.

რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის მოქალაქეები, თავდაპირველად, რუსეთის გაუქმებულ საელჩოსთან შეიკრიბნენ. ისმოდა შეძახილები: “დიდება უკრაინას!”, “არა ომს!”, “პუტინი მკვლელია!”, “თავისუფლება პოლიტპატიმრებს!”, “უკრაინა, შენთან ვართ!”

“მე რუსი ვარ, ვეწინააღმდეგები კრემლის ფაშიზმსა და პუტინს” — პლაკატი აქციიდან. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

აქცია თბილისში, ვლადიმერ პუტინის პოლიტიკისა და მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გასაპროტესტებლად. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“აქ ვარ, რადგან ვეწინააღმდეგები ომს უკრაინაში, დაგეგმილს რუსეთის ხელისუფლებისა და უშუალოდ ვლადიმერ პუტინის მიერ.

ვფიქრობ, ყოველი საღად მოაზროვნე რუსი, უკრაინელი თუ ბელარუსელი ფიქრობს, რომ ეს ომი მიუღებელია, პუტინი კი  მკვლელია, რომელიც ომის დანაშაულებს სჩადის”, — უთხრა “ნეტგაზეთს” რუსმა აქტივისტმა ნიკიტა სტუპინმა.

რუსების, ბელარუსელებისა და სხვათა მონაწილეობით ომის საწინააღმდეგო აქციები თბილისში აქამდეც არაერთგზის გამართულა. აქციებს უერთდებიან ის აქტივისტებიც, რომელთაც სამშობლოს დატოვება პოლიტიკური დევნისა და სხვა საფრთხეების გამო მოუწიათ.

ნიკიტა სტუპინი. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“მძულს პუტინი” — პლაკატი აქციიდან. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ნიკიტა სტუპინის თანახმად, ის მათ შორის ერთ-ერთია. როგორც ყვება, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა რუსეთში გამართულ საპროტესტო აქციებში, მიმდინარე თვეში კი თბილისში გადმოსვლა გადაწყვიტა დაპატიმრების რისკის გამო.

მისი თქმით, მსგავსი აქციები მნიშვნელოვანია, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ ბევრი ადამიანი ეწინააღმდეგება ომს.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას”, — დასძინა მან.

ფოტო 1: აქციის მონაწილეს ხელში უჭირავს პლაკატი წარწერით “პუტინი მკვლელია”, ხელის გულებზე კი აწერია: “არა ომს”.

ფოტო 2: აქციის ერთ-ერთ მონაწილეს სამოსზე დაბეჭდილი აქვს ფოტო, რომელიც ასახავს სცენას ბალეტიდან “გედების ტბა”. ფოტოს აქვს წარწერა “1991”. აღნიშნული ბალეტი საბჭოთა ხელისუფლებამ გაუშვა 1991 წლის 9 აგვისტოს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე თვით ადრე, როცა მიხეილ გორბაჩოვის ჩამოგდების მიზნით სამხედრო გადატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი და მოსკოვში ტანკები გადაადგილდებოდნენ. ფოტოები: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

პუტინის ომის წინააღმდეგ საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად 24 მარტის აქციას ვალერია სუვოროვაც შეუერთდა. ისიც რუსეთიდანაა, პუტინის პოლიტიკას გმობს  და, როგორც ამბობს, აიმედებს თანამოაზრეების ხილვა.

“აქ იმიტომ ვარ, რომ ვეწინააღმდეგები ომს და პუტინის რეჟიმს. აუტანელია, თვალს ვადევნებდე იმას, რაც ახლა ხდება არა მარტო ჩემს, არამედ მეზობელ ქვეყნებში. ძალიან მტკივნეულია და, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რისი გაკეთება შემიძლია.

თუმცა გამოვდივარ აქციაზე, გამოვთქვამ საკუთარ აზრს და ვხედავ თანამოაზრეებს, ეს იმედს მაძლევს. მწამს, რომ რუსეთი თავისუფალი იქნება და პლანეტაზე მშვიდობა დაისადგურებს”, — აღნიშავს სუვოროვა.

დემონსტრაციის დასასრულს, აქციის მონაწილეები ქუჩის მეორე მხარეს, უკრაინის საელჩოსთან გადავიდნენ. აქ მათ უკრაინის დროშა გაშალეს და ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საელჩოს შესასვლელთან სანთლები და ყვავილები დატოვეს.

აქცია თბილისში, ვლადიმერ პუტინის პოლიტიკისა და მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გასაპროტესტებლად. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ყვავილები და სანთლები უკრაინის საელჩოსთან. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“შეაჩერეთ პუტინი, შეაჩერეთ ომი!” — ეწერა ერთ-ერთ პლაკატზე.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. მას შემდეგ ის განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი