ახალი ამბები

იმედია, საქართველო ბიზნესის საწარმოებლად შავი ხვრელი არ გახდება – საფრანგეთის ელჩი

24 მარტი, 2022 • 2008
იმედია, საქართველო ბიზნესის საწარმოებლად შავი ხვრელი არ გახდება – საფრანგეთის ელჩი

საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი აცხადებს, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე საქართველო არ უნდა გახდეს ბიზნესის საწარმოებლად შავი ხვრელი. ამის შესახებ მან დღეს, 24 მარტს, საქართველოს პარლამენტში განაცხადა.

„ძალიან კარგად გვესმის, რომ საქართველო გრძნობს თავის მოწყვლადობას და მხედველობაში იღებს ფრთხილ ქმედებებს. ამ ეტაპამდე ვხედავთ, რომ საქართველო თავისი სიტყვებითა და ქმედებებით ადასტურებს სურვილს, რომ ამ კოლექტიურ ძალისხმევაში თავისი მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს. ასევე დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ ასეთ კომპლექსურ გარემოში საქართველო ყურადღებით დააკვირდება, რომ არ გახდეს შავი ხვრელი ბიზნესის საწარმოებლად, როგორიცაა ტაჯიკეთი. ამაზე გვქონდა საუბარი პრეზიდენტ ზურაბიშვილთანაც და პრემიერ-მინისტრთანაც“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.

 


მას შემდეგ, რაც უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების გამო დასავლურმა სახელმწიფოებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ სანქციებს არ შეუერთდება. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა: „უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი დღეს არავინ არ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება“. მოხალისეებისთვის უკრაინაში გამგზავრებაში ხელის შეშლასთან ერთად, სანქციებთან დაკავშირებიღ „ამორალური პოზიცია“ იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევის მიზეზად დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი