ახალი ამბები

გამოდით ქუჩებში ომის შეჩერების მოთხოვნით — ზელენსკი მსოფლიოს მიმართავს

24 მარტი, 2022 •
გამოდით ქუჩებში ომის შეჩერების მოთხოვნით — ზელენსკი მსოფლიოს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხალხს მოუწოდებს, ომის შეჩერების მოთხოვნით თავიანთი ქალაქების ქუჩებსა და მოედნებზე გამოვიდნენ.

ზელენსკის თქმით, რუსეთის ომი არ არის მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, ის ბევრად უფრო ფართოა.

„რუსეთმა დაიწყო ომი თავისუფლების წინააღმდეგ. რუსეთისთვის ეს მხოლოდ დასაწყისია უკრაინის მიწაზე. ის ცდილობს, დაამარცხოს ევროპაში ყველა ადამიანის თავისუფლება. ყველა ადამიანის მსოფლიოში. ის ცდილობს აჩვენოს, რომ მხოლოდ უხეშ და სასტიკ ძალას აქვს მნიშვნელობა. ის ცდილობს აჩვენოს, რომ ადამიანებს არ აქვთ მნიშვნელობა, ისევე როგორც ყველაფერს, რაც ადამიანებად გვაქცევს. ამიტომ ყველამ უნდა შევაჩეროთ რუსეთი. მსოფლიომ უნდა შეაჩეროს ომი“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მოქმედებს უკრაინის და თავისუფლების მხარდასაჭერად.

„მაგრამ ომი გრძელდება. ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გრძელდება უკვე ერთი თვეა. ეს გულს მიკლავს მე, უკრაინელებს და ყველა თავისუფალ ადამიანს დედამიწაზე. ამიტომ, გთხოვთ, ხმამაღლა ისაუბროთ ომის წინააღმდეგ”, – თქვა პრეზიდენტმა. .

ზელენსკიმ მოუწოდა ხალხს, გამოიჩინონ თავიანთი პოზიცია და მშვიდობისთვის გამოვიდნენ ქუჩებში და მოედნებზე, სახლებიდან და ოფისებიდან, უნივერსიტეტებიდან და სკოლებიდან.

“გამოდით მშვიდობისთვის უკრაინული სიმბოლოებით. მხარი დაუჭირეთ უკრაინას, მხარი დაუჭირეთ თავისუფლებას, მხარი დაუჭირეთ სიცოცხლეს… თქვით, რომ ხალხს მნიშვნელობა აქვს, თავისუფლებას აქვს მნიშვნელობა, მშვიდობას, უკრაინას მნიშვნელობა აქვს”, — აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი თვე გავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი