ახალი ამბები

„არ არიან დახვეწილი მეომრები“ – კანადელი სნაიპერი რუსეთის არმიაზე

23 მარტი, 2022 •
„არ არიან დახვეწილი მეომრები“ – კანადელი სნაიპერი რუსეთის არმიაზე

კანადელი სნაიპერი, ცნობილი როგორც „უოლი“, „ტორონტო სტართან“ ინტერვიუში უარყოფს ცნობებს, თითქოს იგი ომში დაიღუპა.

„მე ვიყავი ბოლო, ვისთანაც ჩემი სიკვდილის შესახებ მოვიდა ცნობები. მტრის პროპაგანდა სამოყვარულო დონეზეა და ჭკვიანურად არ იწარმოება“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, რუსული ჯარი კარგად არ იბრძვის და ჩამოუვარდება ნატოს წევრი ქვეყნების არმიებს:

„[რუსები] არ არიან დახვეწილი მეომრები. ასევე- არმიაც. არ ვამბობ, რომ ყველა ცუდია, არ უნდა დავაკნინოთ, მაგრამ არ არიან იმდენად კარგები, როგორც ნატოს ჯარი. ბევრად უფრო შემეშინდებოდა ეკვივალენტური აღჭურვილობისა და შეიარაღების (თვითმფრინავები, ტანკები და ა.შ.) მქონე კანადელი ჯარისკაცის, ვიდრე რუსის“.

მან ასევე ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა უკრაინაში საბრძოლველად წასვლა. მისი თქმით, „თუ თავისუფლების გვწამს, უნდა ვიმოქმედოთ“:

„ვიტყოდი, რომ მრავალი სახის მოვალეობა მაქვს. მოვალეობა ოჯახის, საზოგადოებისა და კაციობრიობის წინაშე. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა [სად არის ომი] – ავღანეთში თუ უკრაინაში. თუ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ, მე დავეხმარები.

ჩემი შვილის პირველი დაბადების დღე იყო, როცა ფრონტზე მივდიოდი. თუმცა, თავისუფლებისა და მშვიდობის თუ გვწამს, რაღაც მომენტში რამე უნდა გავაკეთოთ. ყველა ჩვენგანს აქვს მიზეზი უმოქმედობისთვის, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა იმოქმედოს?!

ეს არის აგრესია თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ. ვფიქრობ, [დრო რომ მოვა], ჩემი შვილიც გამიგებს“.

მას შემდეგ, რაც კანადელი სნაიპერი უკრაინაში ჩავიდა, სოციალურ მედიაში პრორუსული გვერდები პერმანენტულად ავრცელებენ ცნობებს, რომ ის მარიუპოლში დაიღუპა, თუმცა თავად ვეტერანი მებრძოლი ამბობს, რომ ამ ქალაქში არც ყოფილა. ის ასევე უარყოფს ცნობებს, რომ “რეკორდს” ფლობს ყველაზე შორ მანძილზე მიზანში მორტყმაზე და არც იმას ამტკიცებს, რომ მსოფლიოში საუკეთესო სნაიპერია. „უოლი“ წარსულში კანადის არმიაში მსახურობდა და ქურთისტანში ISIS-ის წინააღმდეგ იბრძოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი