ახალი ამბები

ნატო-ში ინტეგრაციამდე ახალი უსაფრთხოების ჩარჩო საქართველოსთვისაც კარგი იქნებოდა – ვაშაძე

22 მარტი, 2022 • 999
ნატო-ში ინტეგრაციამდე ახალი უსაფრთხოების ჩარჩო საქართველოსთვისაც კარგი იქნებოდა – ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციამდე კარგი იქნებოდა ახალი ტიპის უსაფრთხოების ჩარჩოს შეთავაზება.

მისი თქმით, ამჟამად უკრაინასთანაც საუბარი სწორედ უსაფრთხოების ახალი გარანტიების შექმნაზე მიდის და არასწორია დისკუსია, რომ კიევი განიარაღებას და ნეიტრალიტეტის გამოცხადებას აპირებს.

“გარკვეული ჯგუფები დღეს საუბრობენ[ნეიტრალიტეტზე] და, სამწუხაროდ, ვერ იაზრებენ იმ გეოპოლიტიკურ ვითარებას, რომელიც დღეს არის. მცდარია დამოკიდებულება, რომ უკრაინა მიდის ნეიტრალიტეტის გზით. უკრაინასთან საუბარი არის კონკრეტულ სამხედრო და უსაფრთხოების გარანტიებზე და ამასთან ერთად- ახალი უსაფრთხოების ჩარჩოს შექმნაზე.

ასეთი ტიპის უსაფრთხოების ჩარჩო ნატო-ში ინტეგრაციამდე ძალიან კარგი იქნებოდა საქართველოსთვისაც, მაგრამ ნუ წარმოაჩენს ნურავინ, რომ თითქოს ახლა უკრაინა განიარაღებას და ნეიტრალიტეტის გამოცხადებას აპირებს და ამით დამთავრდება ყველაფერი, ეს არის ტყუილი და ამ პროცესის არასწორი გაგება.

ყველა ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტი გადაარჩენს, მათი დიდი ნაწილი შეიძლება შეცდომაში შედის, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი აბსოლუტურად გამიზნულად ამ თემის პედალირებას ახდენს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინას მთელი რიგი პირობები წაუყენა. მათ შორის, უკრაინის ნეიტრალური სტატუსი, ასევე, ყირიმის რუსეთის ნაწილად და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებლად ცნობა.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში კომპრომისების ფორმატები უკრაინული რეფერენდუმით გადაწყდება.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინას არ შეუძლია რუსეთის ფედერაციის ულტიმატუმების შესრულება. მისი თქმით, ხარკოვის, მარიუპოლის ან კიევის დათმობა არც ადგილობრივებს და არც თავად მას, როგორც პრეზიდენტს, არ შეუძლიათ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ნეიტრალიტეტზე საუბარს საქართველო არ და ვერ დაიწყებს, რადგან ქვეყანას საერთაშორისო კურსის გაძლიერებაში ბევრი ენერგია და ადამიანის სიცოცხლე აქვს ჩადებული.

მისი თქმით, ისეთი საკითხები, როგორიც არის ნატო -ში გაწევრიანება, რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოება, პარტნიორებთან ერთად უნდა გადაწყდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი