თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ.
ლევან ხაბეიშვილს წარდგენილი აქვს „ქართული ოცნების“ პარლამენტარის, ირაკლი ზარქუას ცემის ბრალდება.
ხაბეიშვილი ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
„საზოგადოებამ კარგად ნახა, როგორ დამესხნენ თავს, თუმცა ბრალდებული მე ვარ, თითქოს სასტიკად გავუსწორდი ირაკლი ზარქუას და ვცემე. ცხადია, მსგავსი არაფერი ყოფილა, თუმცა კვაზი-სასამართლოს პირობებში … აქეთ შემომიტრიალეს საქმე. ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი“, – განუცხადა 22 მარტს ხაბეიშვილმა „მთავარ არხს“.
ტელეარხის ცნობითვე, ორი წლის შემდეგ ეს პირველი სხდომა იქნება.
სანამ პარლამენტარები გახდებოდნენ, ირაკლი ზარქუა თბილისის 2017 წლის მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, ხაბეიშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი საკრებულოში.
სასამართლო განიხილავს 2020 წლის 24 იანვარს მომხდარ ინციდენტს თბილისის საკრებულოს სხდომაზე.
ხაბეიშვილს, — რომელიც „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებდა, — საკრებულოს სამმა წევრმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
დაპირისპირება კორიდორშიც გაგრძელდა, სადაც უკვე ხაბეიშვილი და ზარქუა ფიგურირებდნენ.
ცოტა ხანში პროკურატურამ ხაბეიშვილის ცემისთვის ბრალი წარუდგინა საკრებულოს სამ წევრს, თუმცა ხაბეიშვილსაც წარედგინა ბრალი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით.