უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში კომპრომისების ფორმატები უკრაინული რეფერენდუმით გადაწყდება. უკრაინული გამოცემა UNIAN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ზელენსკიმ Suspіlny-თან ინტერვიუში განაცხადა.
“პასუხი ძალიან მარტივია. ჩვენ ყველაფერი გვესმის. [ნატოში] არ გვიღებენ, რადგან რუსეთის ეშინიათ. ჩვენ გვჭირდება დამშვიდება და თქმა, რომ “კარგი, [იყოს] უსაფრთხოების სხვა გარანტიები”. არის ნატოს ქვეყნები, რომლებსაც სურთ იყვნენ უსაფრთხოების გარანტორები, რომლებსაც, სამწუხაროდ, ჩვენთვის ალიანსში 100%-იანი წევრობის უზრუნველყოფა არ შეუძლიათ, თუმცა მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, რაც ნატოს უნდა ექნა, ალიანსის წევრები რომ ვყოფილიყავით. და მე ეს ნორმალურ კომპრომისად მიმაჩნია…
ყველა მომლაპარაკებელ ჯგუფს ავუხსენი, როდესაც თქვენ ყველა ამ ცვლილებებზე საუბრობთ, და შეიძლება ეს ცვლილებები იყოს ისტორიული, ჩვენ არსად მივდივართ, ჩვენ რეფერენდუმამდე მივალთ. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი იქნება კომპრომისის ფორმატები. აი, როგორი იქნება ეს – ეს უკვე უკრაინასა და რუსეთს შორის საუბრისა და გაგების საკითხია. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, მზად ვარ წავიდე ყველაფერზე, თუ ჩემი მსვლელობა იქნება ჩვენს ხალხთან”, – განაცხადა ზელენსკიმ 21 მარტს.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინას არ შეუძლია რუსეთის ფედერაციის ულტიმატუმების შესრულება. მისი თქმით, ხარკოვის, მარიუპოლის ან კიევის დათმობა არც ადგილობრივებს და არც თავად მას, როგორც პრეზიდენტს, არ შეუძლიათ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინას მთელი რიგი პირობები წაუყენა. მათ შორის, უკრაინის ნეიტრალური სტატუსი, ასევე, ყირიმის რუსეთის ნაწილად და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებლად ცნობა.