უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ მარიუპოლის გმირი მცველები დღეს მთელ უკრაინას იცავენ. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწერა.
რეზნიკოვის თქმით, მარიუპოლის დამცველთა თავგანწირვისა და არაადამიანური სიმამაცის წყალობით უკრაინაში ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩა.
„ის რომ, რომ მტრის გეგმები ჩაშლილია და ჩვენი თავდაცვა უფრო აქტიურდება, მარიუპოლის გმირი დამცველების დამსახურებაა. მათი თავდადებისა და არაადამიანური სიმამაცის წყალობით მთელ უკრაინაში ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩა. დღეს მარიუპოლი იცავს კიევს, დნიპროს და ოდესას, ეს ყველამ უნდა გაიგოს“, – განაცხადა რეზნიკოვმა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ალყაში მოქცეული ქალაქი მარიუპოლი არ დათანხმდა რუსეთის ულტიმატუმს დანებების შესახებ და ბრძოლას აგრძელებს.
BBC-ის თანახმად, გუშინ რუსულმა მხარემ ქალაქის დამცველებს დანებებისთვის ვადა 21 მარტის დილის 05:00 საათამდე მისცა, სანაცვლოდ კი ორი ჰუმანიტარული კორიდორის შექმნას დაჰპირდა, რომლითაც მშვიდობიანი მოსახლეობა ქალაქს დატოვებდა.
უკრაინული მხარე ულტიმატუმს არ დათანხმდა.
„დანებების, იარაღის დაყრის შესახებ არ შეიძლება კითხვები არსებობდეს“, — განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ადგილობრივ „Ukrainska Pravda-სთან“ საუბრისას.
ქალაქის მერის მრჩეველმა BBC-ის განუცხადა, რომ რუსეთის მიერ წაყენებული პირობების ნდობა არ შეიძლება და ქალაქის დამცველები ბოლო ჯარისკაცამდე იბრძოლებენ.
ამჟამად ქალაქ მარიუპოლის მისადგომებთან ბრძოლები გრძელდება.
რატომაა მნიშვნელოვანი მარიუპოლი
საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტის ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, მარიუპოლს ორივე მხარისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
„მარიუპოლში არის საზღვაო პორტი, თუმცა მაშინ, როდესაც ყირიმისა და ქერჩის ნახევარკუნძულებს აკონტროლებს რუსეთი, აზოვის ზღვა და ,შესაბამისად, მარიუპოლის პორტი მნიშვნელობას კარგავს. მარიუპოლს რუსეთისთვის ის დანიშნულება აქვს, რომ ყირიმამდე სახმელეთო გზის გაერთიანება სურს.
მეორეც, რუსეთი ვერ განავითარებს შეტევას სხვა მიმართულებით, სანამ მას ზურგში, ანუ მარიუპოლში პრობლემები აქვს. ამიტომ ამ ქალაქის აღებას აქვს მნიშვნელობა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ რესურსების კუთხითაც, რადგან მარიუპოლის აღებით გამოთავისუფლდება გარკვეული ძალები სამომავლო შეტევისათვის. ამ ქალაქის აღების შემთხვევაში გამოჩნდება შეტევის ახალი მიმართულებები, რომელიც რუსეთს მანევრის ახალ გზებს გაუჩენს“, – განუცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ნეტგაზეთს.








