ახალი ამბები

„ჩემი თავი ჯანდაბას… ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის — სააკაშვილი

21 მარტი, 2022 • 1524
„ჩემი თავი ჯანდაბას…  ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის — სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. პიჯაკების საქმე) ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ლეხ კაჩინკის მისი ყველაზე ახლო მეგობარი იყო პოლიტიკაში, ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც არ ყოფილა მისი ოჯახის წევრი, მაგრამ დაესწრო მის დაკრძალვას.

„ეს ეპიზოდი ჩადებულია პიჯაკების საქმეში და ამისთვისაც აპირებენ, რომ 11 წელი მომისაჯონ. ძეგლებს უხსნიან კაჩინსის და მე კაჩინსკის დაკრძალვაზე ჩასვლის გამო მიპირებენ, გამიგრძელონ პატიმრობის ვადა“, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ასევე, ისაუბრა სერიალზე „ხალხის მსახური“, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობს.

„ბატონო მოსამართლევ, დარწმუნებული ვარ, თქვენც უყურებთ „ხალხის მსახურს“. სერიალში იყო ნათქვამი, სააკაშვილმა შეამცირა გადასახადები და 11-ჯერ გაზარდა ბიუჯეტი. მე გავზარდე ბიუჯეტი და ამ ბიუჯეტის ფლანგვას მედავებიან. ზელენსკის ფილმი, როგორც თვითონ სცენარისტმა მითხრა, მეტწილად დაფუძნებულია ჩემი პრეზიდენტობის ეტაპზე. წარმოიდგინეთ, რაღაც პერიოდის შემდეგ ზელენსკი რომ დააკავონ და უთხრან: მერე რა, რომ შენი ქვეყანა გადაარჩინე, ის მაისური რომ გეცვა, არის ფულის გადახარჯვა“, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თავის გამოსვლაში მან მწუხარება გამოთქვა უკრაინაში სამი ქართველი მოხალისის დაღუპვის გამო; თქვა, რომ სამივე მათგანს იცნობდა, განსაკუთრებით- ბახვა ჩიქობავას.

„ჩემი ახლო მეგობარი და პირადი დაცვის ოფიცერი გიორგი ყუფარაშვილი დაჭრილი ყოფილა. ის არის „აზოვის პოლკის“ ერთ-ერთი შემქმნელი, რომელიც იცავს მარიუპოლს. ბახვა ჩიქობავას ამ პროკურატურის მიერ გამოტანილი ჰქონდა საბრალდებო დასკვნა და დღეს უნდა იჯდეს ციხეში, სადაც მე ვზივარ, მაგრამ მან ამჯობინა მტერთან ბრძოლაში სიკვდილი და გმირად შესვლა ისტორიაში. ივანიშვილის პროკურატურამ ეს კაცი გამოაცხადა სისხლის სამართლის დამნაშავედ. ფუი იმ ქვეყანას, სადაც ბახვა ჩიქობავას აცხადებენ სისხლის სამართლის დამნაშავედ, სირცხვილი იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ხმას არ იღებენ იმისათვის, რომ მათ გმირებს აცხადებენ კრიმინალებად, მაშინ, როდესაც კრიმინალები წყნარად დაიარებიან ქუჩებში და რუსეთის დროშებს დააფრიალებენ“, — განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესიდან მიმართა საპარლამენტო ოპოზიციას:

„გვეყო პარლამენტარობის თამაში. მე არ მოგიწოდებთ, რომ გამოხვიდეთ პარლამენტიდან. იყავით პარლამენტში, მაგრამ ცივილიზებული კითხვა-პასუხი, აბა, ამ საკითხზე რას ფიქრობთ… ერთ საკითხზე არის მხოლოდ სალაპარაკო — როდის გახვალთ ამ პარლამენტიდან, როდის მოშორდებით ხელისუფლებას? სხვა კითხვა-პასუხი დღესდღეობით არ შეიძლება იყოს“, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, როცა უკრაინა იბრძვის მათ შორის საქართველოსთვის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამზადებს ქვეყნის და პირადად მისი რუსეთისთვის გადაცემას.

„ჩემი თავი ჯანდაბას… სიცოცხლეს რა აზრი აქვს, თუ სამშობლო ვერ გადავარჩინეთ. ისინი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის. მზადდება პროვოკაცია ტერიტორიების შიგნით და ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ, რის შემდეგაც რუსეთი მოგვთხოვს ნეიტრალიტეტს. ესენი გამოაცხადებენ ნეიტრალიტეტს და ამის შემდეგ, 1-2 წელიწადში საქართველო გახდება რუსეთის ნაწილი ოფიციალურად“, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ისაუბრა 2008 წლის ომზეც და თქვა, რომ ნარატივი მძინარე ცხინვალის დაბომბვის შესახებ მათ შორის შექმნა საქართველოს დღევანდელმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

„ამას ბლინკენმა უწოდა ყალბი ნარატივები, რომლებიც იქმნებოდა 2008 წლის გარშემო. არ ვინახავ ადამიანურ ბოღმას, უბრალოდ უნდა შეგვეძლოს ბოდიშის მოხდა და არა იმის თქმა, რომ მაშინაც სწორი ვიყავი და ახლაც სწორი ვარ“, — თქვა სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილის მისამართით.

სააკაშვილმა თქვა, რომ ის მოიგებს სასამართლოს ყველგან, ჰააგის ჩათვლით, გარდა საქართველოსი. მან თქვა, რომ უკრაინა მოიგებს და თავად არ აპირებს, რამე დაივიწყოს, თუმცა დასძინა, რომ ეს არ არის მუქარა.

„თუ ჩვენ ვიქნებით აქტიურები, ამ ხელისუფლებას ამ ფორმით დარჩა მაქსიმუმ თვე-ნახევარი. ლაპარაკი იმაზე, რომ ამ ხელისუფლებას ვაიძულოთ, ეს და ის გააკეთოს, არის თავის მოტყუება, როგორც პუტინს ვერ ვაიძულებთ, რამე გააკეთოს. ეს ხელისუფლება წავა მოუსავლეთში ამ გაზაფხულზე. შემდეგ უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელშიც შეიძლება შესული იყვნენ ნაწილი წარმომადგენლებისა „ქართული ოცნებიდანაც“. შემდეგ უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები“, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემდეგ გეგმა არის, რომ წელსვე დაიწყოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში რეინტეგრაცია.

გამოსვლის ბოლოს მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ ხალხს უკრაინულად მიმართა და თქვა, რომ ხელისუფლებისგან განსხვავებით, მთელი საქართველო უკრაინას გულშემატკივრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი