საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება “გარანტად უდგას” თავისუფალ, პლურალისტურ მედიაგარემოს.
“პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული, მაღალი პასუხისმგებლობისა და პროფესიული სტანდარტების დამოუკიდებელი მედია არსებითია დემოკრატიის ხარისხისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის.
ჩვენი ხელისუფლება გარანტად უდგას თავისუფალ, პლურალისტურ მედიაგარემოს”, – ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.
პრემიერის მტკიცებით, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით, “ქართული ოცნების” მიერ გატარებული რეფორმების შედეგად მედიის თავისუფლების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
“ამ მხრივ საქართველო დღეს რეგიონში უდავო ლიდერია. ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ ქართული მედიასივრცის განვითარებისთვის”, – აცხადებს ღარიბაშვილი.
ნახეთ “ნეტგაზეთის” არქივიდან:
2021 წლის 5 ივლისს, „თბილისის პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ.
„ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო კარვების, ასევე, „სირცხვილიას“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.
ჯამში, იმდღევანდელი მოვლენების შემდეგ, შსს-მ 50-ზე მეტი ჟურნალისტი ცნო დაზარალებულად. რამდენიმე მათგანი მძიმედ დაშავდა, მათ შორის, ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც აღნიშნული შემთხზვევეიდან რამდენიმე დღეში დაიღუპა. შსს-მ მისი გარდაცვალების უშუალო მიზეზად ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირება დაასახელა.
აგრესიული ადამიანები 5 ივლისს თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.
გარდა ამისა, ჟურნალისტები ხაზს უსვამდნენ პოლიციის უუნარობას, ისინი დაეცვა, – 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, პოლიციელები შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილები.
„ალტ-ინფომ“ გასულ წელს, 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ დააფუძნა პოლიტიკური პარტია, რომლის სახელწოდებაა „კონსერვატიული მოძრაობა“.
„ალტ-ინფო“ ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისს ანტი-ლგბტ აქცია, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობაში გადაიზარდა.
ამასთან, აქციის მიმდინარეობისას სცემეს ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს).
5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა უშუალოდ დანაშაულის ორგანიზატორობის ბრალდებით შსს-ს ამ დრომდე არავინ დაუკავებია.
“ნეტგაზეთის” არქივიდან ასევე ნახეთ:
