ახალი ამბები

„ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

18 მარტი, 2022 • 1179
„ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის 17 მარტს თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ბარში, ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი და ოპერატორები მისული იყვნენ რესპონდენტთან ინტერვიუს ჩასაწერად, რა დროსაც ბრალდებულმა უკმაყოფილება გამოთქვა ჟურნალისტის საქმიანობასთან დაკავშირებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, არ მისცა ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობა და ბარის დატოვება მოსთხოვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა:

„ფაქტიდან მალევე, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით. საქმეზე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, გამოიკითხნენ დაზარალებული ჟურნალისტი და ოპერატორები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ვიდეოჩანაწერი, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.

უმოკლეს დროში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ჩვენ მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე მხილებული მოქალაქე“ ,- აცხადებენ უწყებაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ასევე იძიებს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამშრომლებზე თავდასხმასაც, რომელიც გუშინ ზუგდიდში მოხდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას მიაწვდიან ამომწურავ ინფორმაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი