ახალი ამბები

„წახალისებულია არასათანადო რეაგირებით“ – კოალიცია „მთავარის“ ჯგუფზე თავდასხმაზე

18 მარტი, 2022 •
„წახალისებულია არასათანადო რეაგირებით“ – კოალიცია „მთავარის“ ჯგუფზე თავდასხმაზე

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ჩაატაროს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტზე.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ „მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მედიისთვის შექმნილი მტრული გარემოს შედეგია და წახალისებულია ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ არაერთ დანაშაულზე არასათანადო რეაგირებით.

„მთავარი არხის“ ცნობით, გუშინ, 17 მარტს ზუგდიდში, „ალტ-ინფოს“ პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან, მათ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ალტ ინფოს“ პარტიის ზუგდიდის ოფისზე უკრაინის მხარდამჭერი წარწერები გააკეთეს.

„მთავარი არხის“ ცნობით, მერიის თანამშრომლებმა ეს წარწერები წაშალეს. სწორედ ამ მასალის გადაღების დროს, „მთავარი არხის“ ზუგდიდის კორესპონდენტის, ემა გოგოხიას თანახმად, „ოფისთან დაახლოებით 4 მანქანა ერთდროულად გაჩერდა, კასტეტებით შეიარაღებულმა პირებმა არხის ოპერატორსა და ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“.

არხის ცნობითვე, „რამდენიმე მოძალადე პოლიციამ უკვე დააკავა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი