ახალი ამბები

პოლონეთი გეგმავს, წლის ბოლოდან რუსულ გაზზე უარი თქვას

17 მარტი, 2022 • 906
პოლონეთი გეგმავს, წლის ბოლოდან რუსულ გაზზე უარი თქვას

პოლონეთი წლის ბოლოდან რუსულ გაზს აღარ შეისყიდის. ინფორმაციას ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ პოლონეთის სტრატეგიული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის კომისრის, პიოტრ ნაიმსკის განცხადებით, ქვეყანა რუსული გაზის მიღებას 2022 წლის დეკემბრიდან შეწყვეტს, მას შემდეგ, რაც რუსეთთან ბუნებრივი აირის მიწოდებაზე მოქმედ კონტრაქტს ვადა ამოეწურება.

ნაიმსკის განცხადებით, ოქტომბერში ექსპლუატაციაში შედის ბალტიკური გაზსადენი [გაზის იმპორტი ნორვეგიიდან] ამასთან, პოლონეთმა უკვე გააფართოვა თხევადი გაზის ტერმინალი. ამასთან, გამოცემა წერს, რომ პოლონური მხარის განცხადებით, წლის ბოლომდე დასრულდება სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც მათ შორის, ლიეტუვასა და სლოვაკეთთან დამაკავშირებელი ხაზები.

ნაიმსკი არ მიიჩნევს, რომ ცვლილებები გაზის ტარიფის მნიშვნელოვნად გაძვირებას გამოიწვევს. მისი თქმით, მრავალი წლის განმავლობაში ქვეყანა გაზს მხოლოდ რუსეთისგან იღებდა, მონოპოლიური მიწოდება კი აჩენდა ფასის ზრდის საშიშროებასაც. პოლონეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის კომისრის თქმით, ევროპული გაზის ფასიც ევროპული იქნება.

მისი თქმით, ევროპაში ამჟამად მოქმედი მაღალი ფასები სტაბილურდება, რადგანაცც უფრო მეტი ევროპული ქვეყანა რუსულ ბაზარს ადგილობრივით ანაცვლებს. მისი ვარაუდით, გაზის ბაზრის გლობალიზაცია ბაზარზე ფასების ხელმისაწვდომობას განაპირობებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი