უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, წარმატებით დასრულდა მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლების „სპეციალური ოპერაცია“.
ტიმოშენკოს ცნობით, ფედოროვი უკვე ესაუბრა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
„ჩვენიანებს არასდროს ვტოვებთ“, — თქვა ტიმოშენკომ.
უკრაინულმა მხარემ 11 მარტს გაავრცელა ინფორმაცია მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის გატაცების შესახებ. 12 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფედოროვი ცოცხალია, მაგრამ წამების ქვეშაა. ზელენსკის თქმით, რუსები მისგან ვიდეომიმართვის ჩაწერას ითხოვენ, სადაც ოკუპანტებს მხარდაჭერას გამოუცხადებს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. მოსკოვი საჯარო განცხადებებში უარყოფს სამოქალაქო ობიექტების მიზანში ამოღებას.